აუქციონი

აუქციონზე გამოტანილი 9 სახელმწიფო კომპანიიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პრივატიზაციის ტალღა დღეს, 15 აპრილს, კიდევ ერთხელ წარუმატებლად დასრულდა. აუქციონზე გამოტანილი 9 სახელმწიფო კომპანიიდან მხოლოდ ერთის, შპს თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იანი წილი გაიყიდა

საპრივატიზაციოდ გამოტანილი კომპანიების საერთო ღირებულება თითქმის 10 მილიონი ლარი იყო. გაყიდული კომპანიის ფასი კი – 268 000 ლარი. 

წესით, აუქციონი 13 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონი დამატებით ორი დღით გახანგრძლივდა. ამის მიზეზი სისტემაში დაფიქსირებული უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა იყო, რამაც ტექნიკური ხარვეზი გამოიწვია. 

მიუხედავად აუქციონის გახანგრძლივებისა და განცხადებების თითქმის 3 500-ჯერ ნახვისა, გამოტანილი კომპანიებით სერიოზულად მხოლოდ ერთი ინვესტორი დაინტერესდა. 

წარუმატებლად დასრულდა ე.წ. "რიყის დოქების" პრივატიზაციის მესამე მცდელობაც. 13 აპრილს კიდევ ერთხელ ჩაიშალა 71-მილიონიანი აუქციონი, რომელსაც 700 ნახვა, მაგრამ 0 დაინტერესება ჰქონდა. 

აუქციონზე გამოტანილი კომპანიების სია: 

  1. შპს ზუგდიდის ფარმაცია, – საწყისი ფასი: 306 000 ლარი;
  2. შპს თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, – საწყისი ფასი: 266 000 ლარი;
  3. შპს დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი, – საწყისი ფასი: 246 000 ლარი;
  4. სს ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატი, – საწყისი ფასი: 1 014 000 ლარი;
  5. შპს საზღვაო ტექსერვისი, – საწყისი ფასი: 2 263 800 ლარი;
  6. სს ხაშურის მინის ტარა, – საწყისი ფასი: 747 200 ლარი;
  7. შპს დემეტრე 96, – საწყისი ფასი: 3 921 000 ლარი;
  8. შპს თერმული წყლები, – საწყისი ფასი 1 511 000 ლარი;
  9. შპს უნიონი, – საწყისი ფასი 399 000 ლარი. 
შპს ზუგდიდის ფარმაცია, საწყისი ფასი: 306 000 ლარი.   ფოტო: eAuction.ge

 

შპს საზღვაო ტექსერვისი, საწყისი ფასი: 2.2 მილიონი ლარი.   ფოტო: eAuction.ge

 

კომენტარები