აშშ-რუსეთი

უკან, მომავლისკენ – ბაიდენის რუსული პოლიტიკა

აშშ-რუსეთი

უკან, მომავლისკენ – ბაიდენის რუსული პოლიტიკა

15 ივლისს ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ვაშინგტონში შეხვდნენ ერთმანეთს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე გამოეხმაურა მოვლენებს: "ბაიდენის და მერკელის შეხვედრას ევროპის მომავლის შეცვლა შეუძლია. ღირებულებები, პრინციპები და უსაფრთხოება ეკონომიკურ ინტერესებზე ვერ გაიცვლება. მე მწამს, რომ ჩვენი ამერიკელი და გერმანელი პარტნიორები ერთად აღუდგებიან წინ აგრესორს და არა წააქეზებენ მას".

მიუხედავად ზელენსკის მოლოდინისა, ამერიკასა და გერმანიას რუსეთის გეოპოლიტიკური პროექტის, ჩრდილოეთის ნაკადის, მშენებლობაზე პოზიცია არ შეუცვლიათ. ბაიდენი გაზსადენის მშენებლობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ამერიკასა და გერმანიას შორის განხეთქილების საგნად რჩება. რიტორიკის მიუხედავად, ამერიკა აცხადებს, რომ პროექტის შეჩერებას სანქციებით აღარ შეეწინააღმდეგება. მერკელის ვიზიტამდე, ფლორიდის სენატორმა მარკო რუბიომ ბაიდენს წერილით მიმართა და ის ჩრდილოეთის ნაკადის დასრულების ნეგატიური გავლენის შესახებ გაააფრთხილა. მისი თქმით, რუსეთმა უკვე დაიწყო უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ტრანზიტის მოცულობის შემცირება.

ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა მედიის და პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილმა ობამას რესტავრაციად შეაფასა. მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისათვის ეს მოვლენების მისასალმებელი განვითარებაა, რესპუბლიკურ პარტიაში ობამას პოლიტიკის დაბრუნება ნეგატიურ კონოტაციას ატარებს. 

“ვფიქრობ, რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ ჯო და ადმინისტრაცია არსებითად ასრულებენ [ჩვენს] საქმეს,” - უთხრა ობამამ ნიუ იორკ თაიმსს. “ჩემი ადმინისტრაციის ოთხმოცდაათი პროცენტი აგრძელებს და ავითარებს იმ პოლიტიკას, რომელზეც ჩვენ [ადრე] ვსაუბრობდით”, - დასძენს ობამა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ვეს მიჩელი წერს, რომ ბაიდენი ევროპასთან ურთიერთობაში ობამას მსგავსი შეცდომების დაშვებას რისკავს. ის შიშობს, რომ ფასადურად გაუმჯობესებული ურთიერთობები ევროპაში სტრატეგიულ წარმატებას ვერ ჩაანაცვლებს. “ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმა, გააუმჯობესოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, მთელ ევროპას მოიცავს თუ მხოლოდ ბერლინსა და ბრიუსელს?” - კითხულობს მიჩელი. ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წინა ადმინისტრაციის მიერ ჩართულობის გასაძლიერებლად გადადგმულ ნაბიჯებს მიმოიხილავს. მიჩელი ასკვნის, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციის დროს ბევრად გაუმჯობესდა, ხოლო ახლა ამ კავშირების შენარჩუნებაა საჭირო. 

ბოლო მოვლენების ფონზე, რუსეთის მიმართ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა მეტ სიცხადეს იძენს. ამერიკის სურვილი, რუსეთთან “სტაბილური და განჭვრეტადი” ურთიერთობა ჰქონდეს, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია. რუსეთი ხედავს, რომ ამერიკა მასთან ურთიერთობაში დათმობებზე მიდის. მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, ქვეყანა რუსეთს სათანადო ფასს არ უწესებს იმ უხეში დარღვევებისათვის, რომლებისთვისაც მას მკაცრად აკრიტიკებს. ეს პუტინისთვის სიგნალია, რომ მისი ქმედებები, შესაძლოა, დაუსჯელი დარჩეს, რაც საქართველოს უსაფრთხოებაზეც აისახება. 

ამერიკის პოლიტიკის გავლენა ჩვენს რეგიონზე

რუსეთის რევიზიონისტული ქცევის შესაცვლელად, ამერიკამ შეკავების მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს. ქვეყანამ რუსეთს უნდა დაანახვოს, რომ მის დესტრუქციულ ქმედებებში გადასახდელი ფასი ბევრად აჭარბებს მოგებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ამერიკამ გააძლიეროს როგორც ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება, ისე ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენი რეგიონის ქვეყნებს.

ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მიმართ არჩეული პოლიტიკის ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდ პრობლემას უსაფრთხოების საკითხების რეგიონალიზაცია წარმოადგენს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დასავლეთი საქართველოს მთავარ პარტნიორად დარჩეს. 

მაგალითად, ყარაბაღში გასულ წელს განვითარებული მოვლენების ფონზე, დასავლეთი ამ რეგიონული კონფლიქტის მოგვარების პროცესიდან სრულიად გათიშული აღმოჩნდა. ამ ფონზე გაძლიერდა კონფლიქტების მოგვარების ავტორიტარული მოდელი. 

ივნისში გამართულ ნატოს სამიტზე, პრეზიდენტი ბაიდენი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს შეხვდნენ. ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ ლიდერები ურთიერთობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ. 

პრეზიდენტი ობამა რეგიონული ძალების ჩართულობის ხარჯზე ამერიკის როლის შემცირებას უჭერდა მხარს. ეს მიდგომა განსაკუთრებით ცხადად გამოიკვეთა ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს შემთხვევაში უსაფრთხოების  რეგიონული ძალებისთვის გადაბარება პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. აუცილებელია, ამერიკა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში აქტიურად დარჩეს ჩართული.

მაგალითად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერდოღანი კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. 3+2 ფორმატით ინიციატივაში საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი უნდა გაერთიანებულიყვნენ. კავკასიური პლატფორმის შექმნის იდეით აზერბაიჯანი და თურქეთი ყარაბაღში გასულ წელს, მომხდარი ომის შემდეგაც გამოვიდნენ. ჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად რეგიონულ პლატფორმაში ირანიც მოიაზრებოდა. 

იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი დარჩეს, აუცილებელია, რეგიონში შექმნილ ნებისმიერ ფორმატში დასავლეთი აქტიურად მონაწილეობდეს. საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი დასავლეთის უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციაა. თუ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები ადგილობრივ კონტექსტში დასავლეთის ჩართულობის გარეშე გადაწყდება, ჩვენი ინტერესები დაუცველი დარჩება. რეგიონში ავტორიტარული მოდელის გაძლიერებასთან ერთად კი საფრთხე შეექმნება ჩვენს დემოკრატიულ წინსვლასაც. ეს პროცესი გარანტირებულად დაგვაშორებს დამოუკიდებელ, განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსს.

სიტყვა vs. საქმე

ჯო ბაიდენის გუნდი რუსეთთან ურთიერთობაში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეცდომების გამოსწორების დაპირებით მოვიდა. ტრამპის და ბაიდენის რიტორიკას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ბაიდენი, ტრამპისგან განსხვავებით, ხმამაღლა აკრიტიკებს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს. ამერიკის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები განსხვავდებიან რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯებითაც. 

რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია წარსული და ამჟამინდელი ადმინისტრაციის რიტორიკის და ქმედებების შედარებით და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკის პოზიციას ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე?

ბაიდენის რიტორიკა

ჯო ბაიდენის გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების ფონზე ბევრი ვარაუდობდა, რომ ამერიკა რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას გაატარებდა. 

ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან რუსეთის მიმართ ტრამპისგან მკვეთრად განსხვავებული რიტორიკა აირჩა. იანვარში პუტინთან შემდგარ სატელეფონო საუბარში ბაიდენმა უკრაინის და რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის საკითხი წამოსწია და თქვა, რომ “რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ამერიკა მტკიცედ იმოქმედებს საკუთარი ინტერესების დასაცავად.” 

წყარო: voanews.com

თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბაიდენმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ კოლექტიური ძალისხმევის საჭიროებას გაუსვა ხაზი. 

მარტში, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა, ხოლო აპრილში პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარში კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა საკუთარ ინტერესებს მტკიცედ დაიცავს. მას არ დავიწყებია უკრაინის ხსენებაც და ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ბაიდენის ქმედებები

ბაიდენი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამს, რომ ამერიკა მსოფლიო ასპარეზზე დაბრუნდა და მტრულ სახელმწიფოებს პასუხს გასცემს. რა ნაბიჯები გადადგა ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთთან მიმართებაში იანვრიდან დღემდე?

სანქციები

პოსტის დაკავებიდან მალევე, ბაიდენმა 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის, განხორციელებული კიბერშეტევის და სხვა მტრული ქმედებების გამოძიების განკარგულება გასცა. ამ ქმედებებზე პასუხად, აპრილში ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესა. სანქციები ექვს რუსულ კომპანიას და 32 დაწესებულებასა და ინდივიდს შეეხო. რუსეთის პოლიტიკაზე ცხადი გავლენა სანქციებს არ მოუხდენია. მალევე, ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობაში დეესკალაციის სურვილი გამოთქვა და პუტინს შეხვედრა შესთავაზა.

ახალი START-ი

ამავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთისთვის ხელსაყრელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ადმინისტრაციამ START-ის სახელით ცნობილი სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. შეთანხმება ორი ქვეყნის სტრატეგიულ ბირთვულ იარაღზე ლიმიტებს აწესებს. კრიტიკოსების აზრით, რუსეთი ხელშეკრულებით დაწესებულ ლიმიტებში თავისუფლად ჯდება, მაშინ, როდესაც ამერიკას ცალმხრივად უწევს თავისი შესაძლებლობების შეკვეცა. რუსეთი START-ის შეთანხმების გაგრძელებას მიესალმა.

ჩრდილოეთის ნაკადი

ამერიკამ მწვანე შუქი აუნთო ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის დასრულებას, რომლის მშენებლობაც წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე შეჩერდა. გაზსადენი რუსეთისთვის გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი პროექტია. მისი მეშვეობით რუსეთს შეუძლია, უკრაინის გვერდის ავლით მოამარაგოს ევროპა. ეს მძიმე დარტყმაა როგორც ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ისე უკრაინის ინტერესებისთვის. ჩრდილოეთის ნაკადის დასრულებით, რუსეთს გაზის ტრანზიტის თემაზე უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ დროს შეუძლია შანტაჟს მიმართოს. 

ჩრდილოეთის ნაკადის დასრულება განსაკუთრებით დამაფიქრებელია იმ ფონზე, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკაში კანადიდან მომავალი “ქისთოუნის” ნავთობსადენის მშენებლობა გარემოსდაცვითი მოტივით შეაჩერა. ქისთოუნის მილსადენი ამერიკის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურებოდა. ამ პირობებში გაირკვა, რომ ამერიკა მტრულ სახელმწიფოს ევროპაზე ენერგობერკეტის მოპოვებაში ხელს აღარ შეუშლის.

ესკალაცია უკრაინაში

აპრილში პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამიზნულად მოწყობილი ესკალაციის ფონზე, ამერიკამ რუსეთს სამიტზე მოსალაპარაკებლად შეხვედრა შესთავაზა. ასევე, მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის მომზადებული სამხედრო დახმარების პაკეტი სამიტის წინ შეაჩერა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დახმარება, რომელიც $100 მილიონის ღირებულების იყო, სასიკვდილო იარაღსაც მოიცავდა. 

ბაიდენი - პუტინის სამიტი

16 ივნისს, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სათავეში თავისი ყოფნის მანძილზე ამერიკის მეხუთე პრეზიდენტს ჩამოართვა ხელი. ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას კონკრეტულ მიღწევებზე არ უსაუბრია. მხარეები ელჩების დაბრუნებასა და ბირთვული შეიარაღების თემაზე მოლაპარაკებების შესახებ შეთანხმდნენ. ბაიდენმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთს კიბერშეტევებისგან თავის შეკავებაც მოსთხოვა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა სამიტის მნიშვნელობა პირდაპირი დიპლომატიის აუცილებლობით ახსნა. “საგარეო პოლიტიკა მხოლოდ პირადი ურთიერთობების ლოგიკური გაგრძელებაა,” - განაცხადა მან.

სამიტმა რუსეთს საშუალება მისცა, მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის პრეზიდენტის გვერდით წარმდგარიყო. შეხვედრა რუსეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და პუტინისთვის უკვე წარმატებაა. თუ რა მოიგო ამერიკამ მოცემული სამიტიდან კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.  

ტრამპის რიტორიკა

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და 2016 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპი რუსეთთან თანამშრომლობის სურვილს ხშირად გამოთქვამდა. ის საჯარო განცხადებებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართაც კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. 

განსაკუთრებული აღშფოთება 2018 წელს ჰელსინკიში პუტინთან გამართულ პრესკონფერენციას მოჰყვა. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა საკუთარი უსაფრთხოების სამსახურების დასკვნის საპირისპიროდ განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში არ ჩარეულა. “პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ რუსეთს ეს არ ჩაუდენია. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს ასე“. - განაცხადა მან. ამერიკის უსაფრთხოების საბჭოს  ევროპის საკითხების ყოფილი დირექტორი ფიონა ჰილი ყვება, რომ, ტრამპის განცხადებებით თავზარდაცემული, ფიქრობდა რა გზით ჩაეშალა პრესკონფერენცია. “გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების გათამაშებასაც კი ვფიქრობდი,” - ამბობს ის ბიბისი-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: axisos.com

ტრამპი არც პარტნიორების და ალიანსის წევრების მიმართ გამოირჩეოდა დიპლომატიური ენით. ის ნატოს ალიანსისგან უსაფრთხოებაში მეტი რესურსის ჩადებას მოითხოვდა და განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ჰქონდა. კომენტატორების ნაწილის აზრით, 1987 წელს ამერიკის მიერ გერმანიაში შუალედური დამიზნების ბირთვული იარაღის განთავსებით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ამერიკა-გერმანიის ურთიერთობაში მსგავსი განხეთქილება არ ყოფილა. 

ტრამპი ნატოს მხარდაჭერას და მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ალიანსის წევრების დაცვის გარანტიასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ეს ევროპაში დიდ ვნებათაღელვას იწვევდა.

ტრამპის ქმედებები

ტრამპის რიტორიკა და მისი ადმინისტრაციის ქმედებები 4 წლის განმავლობაში დიდწილად ერთმანეთისგან იყო აცდენილი. ტრამპის განცხადებების ფონზე ამერიკამ რუსეთის შესაკავებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 

ევროპის შეკავების ინიციატივა

ტრამპის ადმინისტრაციამ გააძლიერა ევროპის შეკავების ინიციატივის სახელით ცნობილი ინსტრუმენტის დაფინანსება. ეს ინსტრუმენტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდასაჭერად 2014 წელს, პრეზიდენტ ობამას დროს შეიქმნა. ევროპის შეკავების ინიციატივის ფარგლებში, ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, ამერიკის სამხედრო ძალების რაოდენობა ევროპის კონტინენტზე გაიზარდა. ეს ძალები როტაციული პრინციპით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განთავსდა. 

პრეზიდენტ ობამას დროს გამოყოფილმა $985 მილიონიანმა დაფინანსებამ,= პიკს $6.5 მილიარდი აშშ დოლარით 2019 წელს ტრამპის პრეზიდენტობის დროს მიაღწია

წყარო: fas.org

საერთაშორისო ხელშეკრულებები

ამერიკამ კონფრონტაციული პოლიტიკა აირჩია რუსეთთან შეიარაღებაზე კონტროლის იმ ხელშეკრულებების მიმართაც, რომლებსაც რუსეთი ღიად არღვევდა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა ღია ცის და შუალედური დამიზნების ბირთვული შეთანხმებებიდან (INF) გამოვიდა. 

ღია ცის ხელშეკრულება მონაწილეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების საშუალებას აძლევს. ამერიკის იმდროინდელი ადმინისტრაციის თქმით, შეთანხმება, რომელიც რეგიონში ნდობის აღდგენის იდეით შეიქმნა, რუსეთმა სამხედრო იძულების იარაღად აქცია. 

INF-ის ხელშეკრულება 1987 წელს ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანსა და საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს შორის გაფორმდა. მან ორი ქვეყნის მიერ შუალედური დამიზნების ბირთვული იარაღის შექმნა აკრძალა. ამერიკამ შეთანხმება 2019 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთმა მისი პირობები დაარღვია. 

ინფორმაცია რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შესახებ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. მაშინ ობამამ ხელშეკრულებიდან გასვლის ნაცვლად რუსეთთან დიალოგი არჩია. მედიის ცნობით, ხელშეკრულების შესანარჩუნებლად მან რუსეთს მაღალი დონის მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა

INF-ის შეთანხმებამ ამერიკისა და რუსეთის არსენალში აკრძალა მცირე და საშუალო სიშორის სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომელთა ფრენის რადიუსი 500-დან 5500 კილომეტრამდე იყო. წყარო: rpc.senate.gov

ახალი START-ის შეთანხმება

ტრამპის ადმინისტრაცია უარს აცხადებდა ამერიკა-რუსეთს შორის 2010 წელს გაფორმებული START-ის შეთანხმების გაგრძელებაზეც. ის ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვულ იარაღზე კონტროლის უკანასკნელი ორმხრივი ხელშეკრულებაა. მას ვადა 2021 წლის თებერვალში უნდა გასვლოდა, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა. 

ტრამპის ადმინისტრაცია ახალი START-ის გასაგრძელებლად რუსეთს სთხოვდა როგორც სტრატეგიული ასევე ტაქტიკური ბირთვული ქობინების რაოდენობის გაყინვას. ტაქტიკური იარაღი ამჟამად ხელშეკრულების ნაწილი არ არის. რუსეთს ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებაში ამერიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რაც ამერიკას დიდ დისკომფორტს უქმნის. 

სამი ზღვის ინიციატივის მხარდაჭერა

ტრამპის ადმინისტრაციამ აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა სამი ზღვის ინიციატივის პროექტს, რომელიც ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების სარტყელში მოქცეული სახელმწიფოების სავაჭრო, ენერგო- და ციფრული კავშირგაბმულობის პროექტებით დაახლოებისთვის შეიქმნა. ინიციატივა ევროპაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შემცირებას უწყობს ხელს. ამერიკამ სამი ზღვის საინვესტიციო ფონდში ენერგოპროექტების მხარდასაჭერად $1 მილიარდის ინვესტირების სურვილი გამოთქვა. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი რესურსი გამოყო საზღვარგარეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) გასაძლიერებლად, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ცენტრალურ ევროპასთან ურთიერთობა

ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად გააძლიერა კავშირები ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან. ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ამერიკის პირველი სახელმწიფო მდივანი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც სლოვაკეთს ეწვია. პომპეო ასევე პირველი სახელმწიფო მდივანი იყო, რომელიც ბოლო 26 წლის განმავლობაში ბელარუსში ჩავიდა.

ტრამპის ადმინისტრაციამ მაღალ დონეზე აიყვანა პოლონეთ-ამერიკის ურთიერთობაც. ევროპაში რუსეთის შეკავების პოლიტიკის გასატარებლად პოლონეთი  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა. ევროპის შეკავების ინიციატივის ფარგლებში, პოლონეთში როტაციული პრინციპით 4,500 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული. დამატებით, 2019 წელს პოლონეთსა და ამერიკას შორის გაფორმებული გაფართოებული თავდაცვითი თანამშრომლობის შეთანხმება (EDCA), პოლონეთში 1000 ამერიკელი ჯარისკაცის მუდმივად განთავსებას მოიაზრებს

2018 წელს გადაწყდა პოლონეთისთვის ამერიკული პატრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიყიდვაც. ეს პოლონეთის ისტორიაში სამხედრო ტექნიკის შეძენის ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოლონეთის სამხედრო მოდერნიზაციას. 2019 წელს პოლონეთმა თავისი დიდი ხნის მცდელობა, ამერიკასთან  გაეფორმებინა უვიზო რეჟიმი, ასევე წარმატებით დაასრულა. 2020 წელს ამერიკასა და პოლონეთს შორის სამოქალაქო მიზნებით ბირთვული ენერგიის პროგრამის განვითარებაზეც გაფორმდა ხელშეკრულება.

თავდაცვითი იარაღი

ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროინდელი პოზიცია საქართველოსა და უკრაინის მიმართაც. პრეზიდენტ ობამას მმართველობის პერიოდში რუსეთთან სავარაუდო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ორ ქვეყანას თავდაცვითი იარაღი არ მიაწოდეს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, 2017 წელს, უკრაინამ და საქართველომ ამერიკისგან ეს იარაღი მიიღო

ტრამპის პირველი იმპიჩმენტის პროცესი უკრაინისთვის პირადი თხოვნის სანაცვლოდ თავდაცვითი დახმარების დროებით შეჩერებას მოჰყვა. როგორც ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მდივანი ჯონ ბოლტონი წერს, ტრამპის  დამოკიდებულების მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭერის ფონზე ამერიკა უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას მაინც განაგრძობდა.

უკან, მომავლისკენ – ბაიდენის რუსული პოლიტიკა

რუსეთის მიმართ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის პოლიტიკას შორის მნიშვნელოვანი მსგავსებებია. ობამასგან განსხვავებით, ბაიდენს რუსეთთან ურთიერთობა გადატვირთვის პოლიტიკით არ დაუწყია. მიუხედავად ამისა, ბოლო 7 თვის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების ლოგიკა საგრძნობლად ჰგავს ერთმანეთს. ახალი ადმინისტრაცია რუსეთზე საუბარში სწორ აქცენტებს აკეთებს, მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გადადგმული ნაბიჯები რიტორიკას ზურგს მყარად ვერ უმაგრებს. ამ ფონზე, რუსეთის მხრიდან პროვოკაციების ალბათობა იზრდება. 

აპრილში რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზაცია მოახდინა. რუსეთმა უკრაინაზე წნეხის გაზრდით ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გამოსცადა. გამიზნულ ესკალაციაზე პუტინს დასავლეთისგან მკაცრი პასუხი არ მიუღია. მეტიც, დაძაბულობის ფონზე, ამერიკული სამხედრო გემები, რომლებიც შავ ზღვაში უნდა შემოსულიყო, ამერიკამ აღარ გამოაგზავნა. დეესკალაციის შემდეგ ბაიდენმა პუტინთან სამიტი გამართა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტს სამიტამდე არ შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2021 წლის 6 მაისს ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე წყარო:france24.com

ივნისში პრეზიდენტ ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმიერ ზელინსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ორმა ქვეყანამ ზარის შინაარსზე განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. უკრაინის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების მნიშვნელობას. თეთრმა სახლმა უარყო, რომ ბაიდენმა უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების მხარდაჭერა გამოთქვა. შედეგად, უკრაინამ ინფორმაცია საუბრის შინაარსზე შეცვალა. 

მსგავსი ნაბიჯები რუსეთისთვის სიგნალია, რომ ამერიკა უკრაინის დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციას ფრთხილად ეკიდება. ეს პუტინს აჩვენებს, რომ მის მიერ განხორციელებული აგრესია, შესაძლოა, დაუსჯელი დარჩეს.

ამავდროულად, რუსეთში ადამიანის უფლებები კიდევ უფრო დიდ უკუსვლას განიცდის. წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის აკრძალული ქიმიური იარაღით მოწამვლა და შემდეგ დაკავება მოვლენების ბოლო სამწუხარო განვითარებაა. კომენტატორები ფიქრობენ, რომ ბელარუსის მიერ ჟურნალისტის რამან პრატასევიჩის დასაკავებლად სამგზავრო ავიალაინერის მინსკში იძულებით დასმაც რუსეთის თანხმობით განხორციელდა. ამ ფონზე, ბაიდენ-პუტინის სამიტი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

მიმდინარე წლის მაისში რუსეთში მყოფი კიბერკრიმინალების ხელით ამერიკულ ნავთობსადენზე შეტევა განხორციელდა.  რუსეთს შეტევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბაიდენმა განაცხადა, რომ შეტევა რუსეთის სახელმწიფოს ხელდასმით არ მომხდარა, მაგრამ სამიტის ფარგლებში ქვეყანა კიბერშეტევების თემაზე გააფრთხილა. ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ნაცვლად კიბერშეტევების უმეტესობა ამერიკიდან და კანადიდან ხორციელდება. უკვე ივლისის დასაწყისში, რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერების ჯგუფმა 200-ზე მეტ ამერიკულ კომპანიაზე განახორციელა შეტევა. ბაიდენმა, ინციდენტიდან მალევე პუტინთან შემდგარ სატელეფონო საუბარში, მას მსგავსი შეტევების აღკვეთა კვლავ მოსთხოვა.

როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?

აუცილებელია, საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები დასავლეთის დღის წესრიგში დაბრუნდეს. დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ განიხილება. ახლო მომავალში არც წევრობის სამოქმედო გეგმას უნდა ველოდეთ. საქართველოს უსაფრთხოებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს დასავლეთის ის შეშფოთებაც, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ახლავს. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს დასავლური მოდელის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევია. პირიქით, ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო მოექცა. ამ ფონზე იზრდება რისკი, რომ საქართველოს მხარდაჭერას და ქვეყნის მიმართ არსებულ ინტერესს იმედგაცრუება და ჩართულობის შემცირება ჩაანაცვლებს. 

დასავლეთის როლის შემცირება საქართველოს დამოუკიდებლობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. რუსეთის შესაკავებლად ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველაზე მტკიცე გარანტი დასავლეთის სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციაა. თუ გვინდა, დავრჩეთ დამოუკიდებელი, უნდა გავხდეთ დასავლეთის ნაწილი. ეს პროცესი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვის გარეშე წარმატებით ვერ დასრულდება. 

ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია, საქართველო პოზიტიური დღის წესრიგით დაბრუნდეს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინასთან კვლავ ერთ პაკეტში განვიხილებოდეთ. მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილისა, უკრაინა ბაიდენის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს როგორც უკრაინასთან, ისე დასავლელ პარტნიორებთან თავისი უსაფრთხოების პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად. ამ გზით იზრდება საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის ალბათობა.

ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მთავარი მოკავშირე ამ პროცესში? საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნების პროცესში, ქვეყნის ბუნებრივი მოკავშირეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან, რადგან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში აქციაზე სიტყვით გამოდიან. წყარო: Editions Spotkania

ბაიდენი-პუტინის სამიტის გამართვის შემდეგ გერმანიის ლიდერი ანგელა მერიკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ორგანიზების სურვილს აქტიურად გამოთქვამენ. ეს ინიციატივა ევროპაში დიდ განხეთქილებას იწვევს, რადგან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ამ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, პუტინთან დათმობაზე წასვლა და შემრიგებლური პოლიტიკის გატარება ევროპის უსაფრთხოებას მხოლოდ დააზიანებს. 

რეგიონულ კონტექსტში თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტებში, სადაც წევრობის არქონა მას არ ზღუდავს. ერთი ასეთი პროექტი შავი ზღვის ინიციატივაა, რომელიც ამერიკის ჩართულობით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასაკავშირებლად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ნორდსტრიმის თემაზე ახლახან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ იმ ქვეყნების თანამშრომლობა, რომელთაც მსგავსი უსაფრთხოების პრობლემები აქვთ, აუცილებელია. “ჩვენ ვერ დაველოდებით ამერიკელებს, სანამ ისინი ყველა ვარიანტს მოსინჯავენ ეფექტიან პოლიტიკამდე მისასვლელად. ეს რაღაც დროს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ”. - განაცხადა მან ნორდსტრიმის პროექტზე ამერიკის მიერ სანქციების მოხსნის საპასუხოდ. 

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამოუჩნდა კონკურენტი. გლობალური ძალთა ბალანსი და ამერიკის მსოფლიოში ჩართულობა იცვლება. ამერიკის მოწინააღმდეგეები მისი ინტერესების ხარჯზე ცდილობენ საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას. ამერიკის ჩართულობის შესუსტება განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებს შეეხება, რომლებიც ქვეყნის გლობალური ინტერესების პერიფერიად ჩაითვლება. საქართველომ აქტიური პოლიტიკით დასავლეთს უნდა აჩვენოს, რომ მისი ადგილი ამერიკის უსაფრთხოების დღის წესრიგშია. 

კომენტარები