დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

ესკალაცია უკრაინაში: ბაიდენის საგარეოპოლიტიკური გამოცდა

დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

ესკალაცია უკრაინაში: ბაიდენის საგარეოპოლიტიკური გამოცდა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის მასშტაბურ მობილიზაციას ახდენს. რუსეთი ძალის ღია დემონსტრირებით უკრაინაზე წნეხს ზრდის და გამოცდას უწყობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციას. რუსეთის ინტერესია, თავის სამეზობლოზე კონტროლი შეინარჩუნოს და დასავლეთის სისუსტე აჩვენოს. მის აგრესიულ ქმედებებზე დასავლეთის პასუხს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს და ევროპის უსაფრთხოებაზე. თუ რუსეთის ქმედებები დაუსჯელი დარჩება, ის რეგიონში კიდევ უფრო აგრესიული გახდება. დასავლეთს რუსეთის შესაკავებლად საკმარისი ბერკეტები აქვს. მნიშვნელოვანია, მან ეს ბერკეტები გამოიყენოს. 

მიმდინარე მოვლენები 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა ჯარი უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში განალაგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ რუსლან კომჩაკის თქმით, რუსეთს ამ პროცესში 28 ბატალიონი ჰყავს ჩართული, რაც 20,000-დან 25,000-მდე ჯარისკაცს უდრის. გენერალი კომჩაკი ამბობს, რომ რუსეთს  აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში უკვე განლაგებული ჰყავს დაახლოებით 3,000 ოფიცერი და სამხედრო ინსტრუქტორი. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ 8 აპრილს პრესბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს 2014 წლის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან პირველად ჰყავს ამ მასშტაბის ძალა მობილიზებული.

1-ელ აპრილს სეპარატისტული დონეცკის დე-ფაქტო მმართველმა დენის პუშილინმა პირველად გამოაცხადა სამხედრო გაწვევა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი ამბობს, რომ ესკალაცია უკვე წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა. ამ პროცესის შედეგად უკრაინას მხოლოდ იანვარში 20 დაღუპული და 57 დაშავებული ჰყავდა. ზელინსკის აზრით, რუსეთს უკრაინის მტკიცე პოზიცია და ქვეყნის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა აღიზიანებს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ნატომ მისი საჰაერო სივრცის სიახლოვეს გამოჩენილი რუსული თვითმფრინავების გზად დასაჭერად, 6 საათის განმავლობაში 10-ჯერ მოახდინა რეაგირება. რუსეთს განმარტებები არ გაუკეთებია.

7 აპრილს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატო ომის დასრულების ერთადერთი გზაა. მისი აზრით, დაძაბულობის ფონზე უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზება რუსეთისთვის ცხადი სიგნალი იქნება. როგორც მოსალოდენლი იყო, მოსკოვმა თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება კრიზისს მხოლოდ გაამწვავებს. 

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ მიმდინარე მოვლენები არავის უქმნის საფრთხეს. ის დასძენს, რომ რუსეთი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო ძალებს ისე განალაგებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი კოზაკი ამბობს, რომ რუსეთი შეიძლება "იძულებული გახდეს", დაიცვას თავისი მოქალაქეები დონბასში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალებს ესმით რუსეთთნ “ცხელი ომის” ირაციონალურობა. “დიდი იმედი მაქვს, რომ მათ არ წააქეზებენ პოლიტიკოსები, რომლებსაც, თავის მხრივ, ამერიკის თაოსნობით დასავლეთი წააქეზებს,” - ამბობს ლავროვი. ცხადია, რომ რუსეთი უკრაინაში დასავლეთის ჩართულობას ებრძვის და არც შეფარულ მუქარას ერიდება. ლავროვი პუტინის სიტყვებს გვახსენებს და ხაზს უსვამს, რომ ის, ვინც დონბასში ახალი ომის დაწყებას შეეცდება, “უკრაინას გაანადგურებს.”

დასავლეთის რეაქცია

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინისა და ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლებს შორის რამდენიმე სატელეფონო ზარი შედგა. 2 აპრილს ამერიკის პრეზიდენმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ ისაუბრეს. ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და რეფორმებისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

წყარო:bloomberg.com

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაურეკა. უკრაინის თავდაცვის მინისტრს ანდრი ტარანს ესაუბრა ამერიკელი კოლეგა ლოიდ ოსტინი. მან რუსეთის პროვოკაციული ქმედებები დაგმო და რუსული აგრესიისგან დასაცავად უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში ამერიკის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.  

უკრაინის პრეზიდენტს 5 აპრილს ესაუბრა ბრიტანთის პრემიერი ბორის ჯონსონიც, რომელმაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბრიტანეთის “ურყევი მხარდაჭერა” გამოხატა. 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ევროკავშირიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ტექსტში ასევე გაკრიტიკებულია ყირიმის ნახევარკუნძულზე დაანონსებული სამხედრო გაწვევის პროცესი და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 2020 წლის ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე. წყარო:consilium.europa.eu

რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ამერიკის ძალები ევროპაში უმაღლეს მზადყოფნაში არიან მოყვანილი. შეშფოთებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც. მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატოს ელჩები უკრაინის საკითხზე გასულ ხუთშაბათს შეიკრიბნენ. ალიანსის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვას ხელს უშლის. 

რა სურს რუსეთს?

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის ხელისუფლებას და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას გამოცდას უწყობს. ზოგს მიაჩნია, რომ ომის მუქარით რუსეთს უკრაინისა და ევროპისგან დათმობების მიღებაც სურს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიბაკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკამ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე აქტიურად უნდა იმუშაოს. იმავე  დღეს სერგეი ლავროვმა საფრანგეთი და გერმანია გააკრიტიკა და თქვა, რომ ნორმანდიის ფორმატში (გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, უკრაინა) ორი ქვეყანა არ დებს საკმარის ძალისხმევას უკრაინის “გონს მოსყვანად”. შესაძლოა, უკრაინაზე სამხედრო წნეხის გაზრდით რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინისთვის სეპარატიტულ რეგიონებთან წამგებიანი გარიგების შეთავაზება სურდეს. 

უკრაინის, საფრანგეთის, რუსეთის და გერმანიის ლიდერები ელისეს სასახლეში წყარო: bbc.com

დღეს ამერიკის გავლენა ევროპაში მნიშვნელოვნად შესუსტებულია. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა, როგორც ერთადერთი ზესახელმწიფო, უზარმაზარ ძალას და გავლენას ფლობდა. რეგიონული ძალები მასთან კონფრონტაციისგან თავს იკავებდნენ. ამჟამად ეს რეალობა შეცვლილია. ამერიკის მოწინააღმდეგეები მასთან ღია პაექრობას აღარ ერიდებიან. ასევე, არ წყდება დისკუსია ამერიკის ძალის ფარდობით დაკნინებაზე და ქვეყნის მიერ მისი გლობალური როლისგან უკან დახევის პროცესზე. ამასთან, ამერიკის პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობაში, ამერიკის მიერ შექმნილი გლობალური მსოფლიო წესრიგის დაცვის აუცილებლობაზე კონსენსუსი აღარ არსებობს. 

შედეგად, ამერიკის მოწინააღმდეგეები ყველა რეგიონში ცდიან მის სიმტკიცეს. რუსეთმა ამგვარი გამოცდა ამერიკას 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში მოუწყო. ორივე შემთხვევაში პუტინმა დაინახა, რომ ჩვენს რეგიონში მას აგრესია გასდის. პუტინს დღესაც ეს მოლოდინი ამოძრავებს.  

რუსეთი ჯარს უკრაინაში დემონსტრაციულად აგზავნის. სამხედრო ოპერაციის დაგეგმვისას მოულოდნელი თავდასხმა უპირატესობას იძლევა. პუტინი კი ძალის ღია დემონსტრირებას არჩევს და დასავლეთის რეაქციას აკვირდება. დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობაში ხისტი ძალის ბერკეტების გამოყენებას და ესკალაციას ერიდება. მას მოლაპარაკებების გზით სურს შეთანხმებამდე მისვლა. 

უკრაინაში ძალის დემონსტრირება რუსეთის ღია პროვოკაციაა. დასავლეთის სუსტმა რეაქციამ, შესაძლოა, პუტინს ესკალაციისკენ უბიძგოს. თუ პუტინი ჩათვლის, რომ ძალისმიერი მეთოდით უკრაინის დამორჩილებაში მას ფასს არ გადაახდევინებენ, ეს მისთვის მხოლოდ წახალისება იქნება. ამასთან, პუტინი რაციონალური მოთამაშეა. მას არ სურს, უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისგან მიღებული ზიანი აჭარბებდეს სარგებელს. სწორედ ამ გათვლაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს დასავლეთმა. 

რუსი ჯარისკაცები ტრანსპარანტის ფონზე "ყირიმი რუსეთია". წყარო:nypost.com

შეკავების პოლიტიკა წარმატებულია, როდესაც ოპონენტმა იცის, რომ მიუღებელი ქმედებისთვის მკაცრად დაისჯება. ამის საპირისპიროდ, თუ მოწინააღმდეგე მცირე გადაცდომებზე სათანადო პასუხს არ იღებს, ის უფრო გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს. 

მერიკის მოწინააღმდეგეები მსოფლიოს ყველა კუთხეში უწყობენ მას გამოცდას. მხოლოდ მიმდინარე კვირაში ჩინეთი ფილიპინებს დაუპირისპირდა. რუსეთის “მწვანე კაცუნების” მსგავსად, ჩინეთი სადავო წყლებში სათევზაო ხომალდებად შენიღბულ ფლოტს გზავნის, რითაც ამ დაპირისპირებაში თავის მონაწილეობას ნიღბავს. საპასუხოდ ამერიკამ  სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საბრძოლო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდაც ფიქრობს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდის გაგზავნას. 

ამერიკის საბრძოლო ხომალდი "თეოდორ რუზველტი". წყარო: nbcnews.com

შეკავების პოლიტიკის წარმატებისთვის საჭიროა როგორც სამხედრო ძალა, ისე ნების სიმტკიცე. პუტინი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ბაიდენის ყველა საგარეო პოლიტიკურ სიტყვაში ისმენს. ამასთან, ბოლომდე არ არის ცხადი, რა ტიპის ესკალაციისთვის არის მზად ამერიკა უკრაინის დასაცავად. სავარაუდოდ, პუტინს იმედი აქვს, რომ ამერიკა ღია დაპირისპირებისგან თავს შეიკავებს. 

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინისა და საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უარი პუტინისთვის, შესაძლოა, დღემდე ნიშანდობლივი იყოს. 

ობამას ადმინისტრაციამ მაშინ ჩათვალა, რომ რუსეთს უკრაინაში ესკალაციის დომინირება შეეძლო. ეს ტერმინი საერთაშორისო ურთიერთობებში კარგად არის ცნობილი. მის მიხედვით, ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების დროს ის იმარჯვებს, ვინც მზად არის ესკალაციის ნებისმიერ საფეხურზე დაუპირისპირდეს ოპონენტს და შესწევს ძალა, აჯობოს მას. 

წარსულში ობამას ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შემთხვევაში, რუსეთი მას უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენებდა. ობამას მრჩევლების აზრით, უკრაინა რუსეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის უკან არ დაიხევდა, მაშინ, როცა ამერიკას ღია დაპირისპირებაზე წასვლა არ სურდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ეროვნული უსაფრთხოების მდივანი ჯეიკ სალივანი თვლიდნენ, რომ ორი ქვეყნისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება მიზანშეწონილი იყო. 

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2014 წელს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. წყარო: theguardian.com

ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, უკრაინას რუსეთისთვის სტრატეგიულად ბევრად მეტი ფასი აქვს. მათი თქმით,  ისტორიული და კულტურული კავშირები და გეოგრაფია რუსეთს უპირობო უპირატესობას აძლევს. პუტინს მხოლოდ ის სურს, რომ დასავლეთმა ასე იფიქროს. თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ რუსეთის შეჩერება შეუძლებელია, პუტინს ბევრად უფრო გაუადვილდება სამეზობლოში ძალის პოლიტიკით მოქმედება. 

ცივი ომის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, როდესაც დასავლეთი მტკიცე პოზიციას იჭერს, რუსეთი უკან იხევს. ის ანგარიშს ძალას უწევს. შესაბამისად, რუსეთის შეკავება შესაძლებელია. მთავარია, პუტინმა დაინახოს, რომ დასავლეთი არ აპირებს მისი აგრესიული ქმედებების დაუსჯელად დატოვებას.  ამის საპირისპიროდ, როდესაც დასავლეთი მერყეობს, რუსეთი მაქსიმალურად ზრდის წნეხს. უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენები სწორედ ამგვარი გამოცდაა. თუ დასავლეთი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, რუსეთი რეგიონში კიდევ უფრო აგრესიული გახდება.

რა როლი აქვს დასავლეთს?

მიმდინარე კვირას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ვრცელი ინტერვიუ მისცა. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ჯო ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობას, ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთს პასუხს აგებინებს მტრულ ქმედებებზე და ითანამშრომლებს იმ სფეროებში, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესშია.

საჭიროა, დასავლეთმა რუსეთს აჩვენოს, რომ უკრაინის უსაფრთხოება მისთვის მნიშვნელოვანია. რუსეთი ესკალაციის მუქარით ცდილობს უკრაინის დასავლეთისგან ჩამოცილებას. მტკიცე პოზიციის საჩვენებლად დასავლეთმა ნორდსტრიმის პროექტის საბოლოო შეჩერებაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანება  უნდა შესთავაზონ.

ამერიკამ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარებაც უნდა აღმოუჩინოს. მარტის დასაწყისში ამერიკამ განაცხადა, რომ უკრაინა $125 მილიონის სამხედრო დახმარებას მიიღებს, რაშიც თავდაცვითი იარაღიც მოიაზრება. რუსეთისთვის ცხადი სიგნალის გასაგზავნად, საჭიროა, ამერიკამ გაზარდოს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება, ჩაატაროს მეტი სამხედრო წვრთნა და აქტიურად გაუზიაროს სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებას. მნიშვნელოვანია, ამერიკა აქტიურად პატრულირებდეს შავ ზღვაზეც და უკრაინას საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმაროს. 

წყარო: mil.gov.ua

ასევე, ერთიანი შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, დასავლეთი რუსეთს სანქციებით უნდა დაემუქროს. ბოლო სანქციებისგან განსხვავებით, რომლის სამიზნეც რუსეთის თანამდებობის პირები იყვნენ, დასავლეთმა საფრთხე რუსეთის სახელმწიფოს უნდა შეუქმნას. ერთი ანალიტიკოსის თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ევროპაში ომის გაჩაღებით იმუქრება, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები “კოღოს ნაკბენს” ჰგავს. რუსეთისთვის ბევრად მტკივნეული იქნება ქვეყნის სუვერენულ ვალზე სანქციების დაწესება და რუსეთის გათიშვა სვიფტის საერთაშორისო საბანკო გადახდის სისტემიდან.

ბოლოს, საჭიროა, დასავლეთის ლიდერებმა მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას. ამისი ცხადი სიგნალი იქნება ამერიკის უმაღლესი წარმომადგენლების უკრაინაში ვიზიტი. 3 აპრილს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გამოსცეს. ტექსტში რუსეთის ქმედებები მკაცრად არ იყო დაგმობილი. ორმა ქვეყანამ თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ “ყველა მხარეს” მოუწოდა, რაც არსებულ ვითარებაში რეალობას აცდენილია. მსგავსი განცხადებები კონტრპროდუქტიულია, რადგან დასავლეთის სიმტკიცეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?

რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტზე შეტევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. რუსეთი ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობას ერთნაირი მეთოდებით ებრძვის. თუ რუსეთს უკრაინასთან აგრესია გაუვა, ის საქართველოს დამორჩილებასაც უფრო ადვილად შეძლებს. შესაბამისად, საქართველოს პირდაპირი ინტერესია, აქტიურად მოუწოდოს დასავლეთს უკრაინის ღია მხარდაჭერისკენ. 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პასუხად, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის MAP-ის (წევრობის სამოქმედო გეგმა) მიცემას შესთავაზებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდაჭერის გამოსახატად კიევს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და უსაფრთხოების სიტუაცია მიმოიხილა. 

საქართველოს თავდაპირველი დუმილი ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა მკაცრად გააკრიტიკა. “როგორ მოელით მსოფლიო საზოგადოების მიერ თქვენი რუსული ოკუპაციის კრიტიკას, როდესაც ხმასაც კი არ იღებთ, როდესაც თქვენ მეზობელს ემუქრებიან”, - დაწერა მან ტვიტერზე. მას შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაგმო.

ბოლო წლებია, საქართველო უკრაინის პრობლემებს ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანას 2014 წელს მაიდანის პროტესტის და რევოლუციის მიმართ აქტიური მხარდაჭერა არ გამოუხატავს. საქართველო არც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის დროს გამოირჩეოდა რუსეთის ქმედებების ხმამაღალი კრიტიკით და არც შემდეგ. 

პირიქით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური მიზეზით ურთიერთობა რამდენჯერმე დაიძაბა. საქართველოს 2020 წლის მაისიდან უკრაინიდან ელჩიც კი ჰყავს გამოწვეული. შაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ქვეყანაში ელჩის დაბრუნება მოითხოვა. ეს ნაბიჯი საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას. 

წყარო: tabula.ge

საქართველოს სიჩუმე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ 2012 წლიდან სცადა. ეს დაყვავების პოლიტიკა ეფუძნება მოსაზრებას, რომ, თუ საქართველო რიტორიკას და ქცევას შეცვლის რუსეთი ჩვენ მიმართ კეთილად განეწყობა. ამ პოლიტიკის ნაწილია უკრაინის უსაფრთხოების პრობლემებზე თვალის დახუჭვაც. ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის უაღრესად საზიანოა. 9 წლის შემდეგ ცხადია, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ არც დამოკიდებულება შეუცვლია და არც პოლიტიკა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გალიდან გადმოსვლის მცდელობისას ენგურში დაღუპული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ამის ბოლო მტკივნეული მაგალითია.  

საქართველოსთვის უმნიშნელოვანესია, უკრაინასთან ერთ კონტექსტში განიხილებოდეს, რადგან ეს დასავლეთის ყურადღების და ჩართულობის მეტ შესაძლებლობას იძლევა. უკრაინისგან დისტანცირება და იქ მიმდინარე მოვლენების რეაგირების გარეშე დატოვება საქართველოს რუსეთის წინაშე კიდევ უფრო დაუცველს ხდის. 

შესაბამისად, ზელინსკის მიერ ნატოში დაჩქარებული წევრობის მოთხოვნას საქართველოც უნდა შეუერთდეს. 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრა და 2014 წელს რუსეთის აგრესია უკრაინაში განყენებული მოვლენები არ არის. საქართველომ დასავლეთს უნდა აჩვენოს, რომ უკრაინასა და საქართველოზე ზეწოლა რუსეთის ერთიანი პოლიტიკის ნაწილია და ორივე ქვეყანას მსგავსი დახმარება სჭირდება. ამის მისაღწევად საქართველომ  აქტიურად უნდა იმუშაოს როგორც დასავლეთთან, ასევე უკრაინასთან. 

კომენტარები