ბელარუსი

ირინა არაბიძე: ბელარუსი - ევროპის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ

დასავლეთი და ბელარუსი: გააქტიურებული კავშირები

ბელარუსის საგარეო პოლიტიკა ტრანსფორმაციის პროცესშია. ეკონომიკურმა პრობლემებმა და რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ქვეყანას ალტერნატივების ძებნისკენ უბიძგა. 2019 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ 12 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის ელჩი მინსკში დაბრუნდება. მანამდე, 2019 წლის აგვისტოში, ბელარუსს ამერიკის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი ეწვია. სექტემბერში მინსკში იმყოფებოდა ამერიკის სახემწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილიც. 

გუშინ ბელარუსს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ეს ამერიკის მესამე მაღალი დონის ვიზიტია ბელარუსში. ვიზიტის ფარგლებში პომპეო ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმირ მაკეის შეხვდა. პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკას სურს ბელარუსს სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობაში დაეხმაროს. ბელარუსსა და რუსეთს შორის ნავთობის ტარიფების თემაზე მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, პომპეომ მაკეისთან შეხვედრაზე თქვა, რომ ამერიკული ენერგო მწარმოებლები მზად არიან ქვეყანას კონკურენტულ ფასში მიაწოდონ ნავთობის და გაზის საჭიროების 100%. პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ პარტნიორზე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. 


ფოტო: Reuters
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში “ახალი თავის გახსნის” იმედი აქვს და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის წარსული გაუგებრობების შემდეგ, პომპეომ “გარისკა” და მინსკს ეწვია. ლუკაშენკომ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის წარმატებულ თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი. ბელარუსს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან, ფედერალური გამოძიების სააგენტოსთან და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოსთან ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ეს თანამშრომლობა საზღვრების უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, ნარკოტიკებთან ბრძოლის, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. ბელარუსში ასევე კმაყოფილები არიან, რომ მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ქვეყანას ამერიკის ახალი სამოგზაურო აკრძალვის ტალღა არ შეეხო.


ფოტო: state.gov

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბელარუსს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბოლოს 1994 წელს ეწვია.

პომპეოს ბელარუსში ვიზიტი განსაკუთრებით მიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბოლოს 26 წლის წინ 1994 წელს იმყოფებოდა. ვორენ კრისტოფერი, რომელსაც მაშინ ეს პოზიცია ეკავა, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს ბელარუსის იმდრონიდელ მეთაურთან სტანისლავ შუშკევიჩთან შესახვედრად ახლდა. ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ვორენ კრისტოფერის გარდა ამერიკის მხოლოდ ერთი ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერია ნამყოფი.

1990-იანი წლებიდან ადამიანის უფლებების და დემოკატიული არჩევნების სტანდარტების უხეში დარღვევისთვის ბელარუსი რამდენჯერმე გახდა დასავლური სანქციების სამიზნე. 2016 წელს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განთავისუფლების შემდეგ, ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები თითქმის სრულად მოუხსნა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედებს 2006 წელს ამერიკის დაწესებული სანქციების ნაწილი. ასევე ძალაშია 2004 წელს ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ მიღებული ბელარუსის დემოკრატიის ავტორიზაციის აქტი, რომელიც 2006 და 2011 წლებში განახლდა. დოკუმენტი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად ქვეყანაში პოლიტიკური ჯგუფების, მედიის და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას ითვალისწინებს. სანქციების გაუქმების წინაპირობაც ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული. როგორც 2019 წლის სექტემბერში მინსკში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახემწიფო მდივნის მოადგილემ დევიდ ჰეილმა განაცხადა, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით ბელარუსს შეუძლია კონგრესის მიერ მიღებულ აქტში ასახული პრობლემების დაძლევაზე იმუშაოს, რაც სანქციების შემდგომი შემსუბუქების წინაპირობაა. მინსკში ვიზიტისას პომპეომაც აღნიშნა, რომ სანქციების გასაუქმებლად ქვეყანამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით პროგრესი უნდა აჩვენოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ბელარუსმა ნატოსთან დიალოგის სურვილიც გამოთქვა. ქვეყანა ასევე ცდილობს ჩინეთთან სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობა გააღრმავოს. “წარსულში ევროკავშირის სანქციებისგან გამოწვეული პრობლემები გვქონდა. ასევე გვქონდა პრობლემები ჩვენს რუს მოკავშირეებთან ბუნებრივ აირზე, ნავთობზე და შაქარზე. შედეგად, ბელარუსის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ახალი სტრატეგიული პარტნიორი მოეძიებინა, ისეთი რომელიც არანაირ პოლიტიკურ პირობებს არ აყენებს,” - განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ ჩინეთთან თანაშრომლობის თემაზე. ნიშანდობლივია, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა ბელარუსს $600 მილიონის ოდენობის სესხის გაცემა გაუჭანურა, ქვეყანამ ჩინეთს მიმართა და $500 მილიონი მიიღო.

2019 წლის ნოემბერში გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, მინისტრმა მაკეიმ ქვეყნის გრძელვადიანი ხედვაც წარმოადგინა. მისი თქმით, ბელარუსს აღმოსავლეთ ევროპის შვეიცარიად ქცევა სურს, როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, რომელსაც ყველა მეზობელთან დაბალანსებული ურთიერთობა, ხოლო რუსეთთან გარკვეულწილად უფრო მჭირდო კავშირი აქვს. მაკეის თქმით ეს სტაბილურობის გარანტი იქნება, რადგან ქვეყანას “უკრაინის შეცდომების გამეორება არ სურს.” 

ცხადია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ ბელარუსს დიდი თავსატეხი გაუჩინა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყანა რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ბევრად უფრო მწვავედ აღიქვამს და საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები შეაქვს. ლუკაშენკო ცდილობს მოსახლეობაში რუსეთისგან დამოუკიდებელი იდენტობის აღქმა გააძლიეროს და ეროვნული ნარატივის მქონე ჯგუფებსაც ნაკლები სიმკაცრით ეკიდება. “ჩვენ არ ვართ რუსები, ჩვენ ბელარუსები ვართ,” - განაცხადა ლუკაშენკომ ჯერ კიდევ 2014 წელს.

დასავლეთსა და ბელარუსს შორის გახშირებული კავშირების ფონზე, ავტორი გრიგორი იოფე რუსულ მედიაში გავრცელებულ გამოხმაურებებსაც მიმოიხილავს. ის აღნიშნავს, რომ რუსეთში ეჭვის თვალით უყურებენ როგორც ბელარუსში გააქტიურებულ ეროვნულ მოძრაობას, ისე ქვეყნის პოლონეთთან ურთიერთობას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და 2015 წელს დაარსებულ მინსკის დიალოგის საბჭოსაც კი, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს. ამ ფორუმის მეშვეობით ბელარუსი დასავლეთს, რუსეთს და რეგიონის სახელმწიფოებს უსაფრთხოების თემებზე ესაუბრება. ფორუმს 2019 წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო.

ბელარუსის დამოუკიდებლობა და საქართველო

ბელარუსის დამოუკიდებლობა და ქვეყნის დასავლეთთან დაახლოვება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ზეწოლის ფონზეც კი, ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არ აღიარებაზე მტკიცე პოზიცია უჭირავს. ლუკაშენკომ 2009 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების სანაცვლოდ რუსეთი ბელარუსს $500 მილიონის ოდენობის სესხს დაპირდა, მაგრამ ქვეყანამ რუსეთის მიერ წაყენებულ პირობაზე უარი განაცხადა. მალევე რუსეთმა ბელარუსიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძლა

რუსეთის ზეწოლის ფონზეც კი, ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არ აღიარებაზე მტკიცე პოზიცია უჭირავს.

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც დემონსტრაციულად ურთიერთობდა. 2010 წელს ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გასულმა ინტერვიუმ სააკაშვილთან რუსეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ დსთ-ს წევრობისას და შემდეგაც, ბელარუსი საქართველოს მუდმივად მხარს უჭერდა. თავად ლუკაშენკომ, 2010 წელს რუს ჟურნლასიტებთან ინტერვიუში თქვა, რომ ბელარუსსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით ქვეყანას საქართველოს რეგიონები უნდა ეღიარებინა, მაგრამ ხელი მოსკოვისკენ გაიშვირა და აღნიშნა, რომ რუსეთი არ იყო მზად ბელარუსს აღიარებით გამოწვეული წნეხის შემსუბუქებაში დახმარებოდა. 

2015 წელს ლუკაშენკო საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია და განმეორებითი ვიზიტით 2018 წელს დაბრუნდა. 2016 წლიდან თბილისში ბელარუსის საელჩოც ამოქმედდა

რას გეგმავს რუსეთი - ანშლუსის საფრთხე

ანალიტიკურ გამოცემებში გახშირდა დისკუსია რუსეთის მიერ ბელარუსის “ანშლუსის” სცენარით ანექსიაზე. ეს ისტორიული ანალოგია 1938 წლის 12 მარტს გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიას უკავშირდება, რომელიც ამ სახელით არის ცნობილი. ანშლუსი მეორე მსოფლიო ომის დაწყებას უძღვოდა წინ. ადოლფ ჰიტლერმა ავსტრიის ანექსია პირველად 1934 წელს ავსტრიის კანცლერის ენგელბერტ დოლფუსის მკვლელობით სცადა, მაგრამ მაშინ გერმანიის მხარდაჭერილ პუტჩს იტალია აღუდგა წინ. ამბოხებულ ადგილობრივ ნაცისტურ ძალებს ავსტრიის ჯარმა მხარი არ დაუჭირა და გერმანიის ავსტრიაში შეჭრის აღსაკვეთად იტალიამ ავსტრია-გერმანიის საზღვართან ჯარები განალაგა.

ბრიტანული ჟურნალი Punch or The London Charivari-ის კარიკატურა 1934 წელს ავსტრიის დასაცავად იტალიის ჩარევაზე
ფოტო: i.ebayimg.com
იტალია 1934 წელს გერმანიას ოპონენტად მიიჩევდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ “რომი-ბერლინის პაქტის” ხელმოწერით ქვეყნები ახლო მოკავშირეებად იქცნენ. შედეგად, ჰიტლერმა ავსტრიაზე ზეწოლა კვლავ გააძლიერა. ავსტრიის ახალმა კანცლერმა კურტ შუშნინგმა იცოდა, რომ აღარც იტალია და არც ბრიტანეთი და საფრანგეთი ჰიტლერს წინ არ აღუდგებოდნენ, ამიტომ გერმანიის ულტიმატუმს დამორჩილდა, დამოუკიდებლობის თემაზე დანიშნული რეფერენდუმი გააუქმა და პოსტიდან გადადგა. ჰიტლერმა ავსტირაში წინააღმდეგობის გარეშე შეიყვანა ჯარი.

ლოს ანჯელეს თაიმსის კარიკატურა 1938 წლის 12 მარტის ავსტრიის ანშლუსზე
ფოტო: latimesblogs.latimes.com
როგორც ეს ისტორიული ეპიზოდი გვიჩვენებს, 1930-იან წლებში გერმანიის აგრესიული პოლიტიკა თავდაპირველად იტალიის წინააღმდეგობამ შეაჩერა, ხოლო მოგვიანებით რეგიონული ძალების უმოქმედობამ წაახალისა. ბელარუსში მოვლენების განვითარების პოტენციური სცენარიც ამ ისტორიული ეპიზოდის მსგავსი შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ლუკაშენკო რუსეთს წინ აღუდგება, პუტინს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ინსპირირება და მისი პოსტიდან ჩამოგდება, ან თავად ლუკაშენკოზე თავდასხმა შეუძლია სცადოს. სასურველი შედეგის მისაღებად რუსეთს ასეთი ქმედებებისთვის ადრეც მიუმართავს. მონტენეგროს ნატოს წევრობის შესაჩერებლად არშემდგარი გადატრიალების მცდელობა ამის ბოლო მაგალითია. დასავლეთის უმოქმედობა რუსეთს კიდევ უფრო გაათამამებს. 

თუ ლუკაშენკო რუსეთს წინ აღუდგება, პუტინს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ინსპირირება და მისი პოსტიდან ჩამოგდება ან თავად ლუკაშენკოზე თავდასხმა შეუძლია სცადოს.

1930-იანი წლების ავსტრიის მსგავსად, ბელარუსის შესაძლო ანექსიას იქ არსებულმა ავტორიტარულმა მმართველობამაც შეიძლება შეუწყოს ხელი. ბელარუსში სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო აქტივობა მკაცრად იზღუდება, რის გამოც წინააღმდეგობის ჩახშობა ადვილია. 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბელარუსში გამოკითხულთა 75%-ზე მეტი თვლის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე არავითარი გავლენა არ შეუძლია ჰქონდეს. 

საინტერესოა რუსეთის მიერ ბელარუსში გავრცელებული დეზინფორმაციის მესიჯებს ანალიზიც. რუსეთი ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ბელარუსები ცალკე მდგომ ერს არ წარმოადგენენ, რომ ბელარუსული ენა “დამახინჯებული” რუსულია, რომ დასავლეთთან ასოციაცია მხოლოდ ცუდის მომტანია და რომ ქვეყანა რუსეთის გარეშე ვერ შეძლებს არსებობას. ამ მესიჯების დამკვიდრებას შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობამაც შეუწყოს ხელი. 2016 წლის მონაცემებით, ბელარუსის მოსახლეობის 61.6% რუსეთს მეგობრულ სახელმწიფოდ თვლის, ხოლო 29% რუსეთთან გაერთიანების მომხრეა. ნიშანდობლივია, რომ 2015 წელს “ლევადა ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 67% ბელარუსს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საერთოდ არ აღიქვამს. 

ცხადია, რომ ანშლუსის სცენარი გარდაუვალი არ არის. ბევრია დამოკიდებული როგორც ბელარუსში არსებულ შიდაპოლიტიკურ ისე საგარეო ფაქტორებზე. მიუხედავად ამისა, სიფხიზლე აუცილებელია. ბელარუსის ანექსიას ევროპის უსაფრთხოებაზე უაღრესად ნეგატიური გავლენა ექნება. ჩრდილო ატლნტიკური ალიანსისთვის რუსეთის მიერ ბელარუსის შთანთქმა უზარმაზარ სამხედრო თავსატეხს წარმოშობს. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რუსეთის საზღვრები ევროპის დასავლეთში ღრმად შეიჭრება, რის შედეგადაც ნატოს წევრი პოლონეთის და  ბალტიის ქვეყნების დაცვა ურთულესი მისია გახდება. ამასთან, რუსეთს უკრაინის დესტაბილიზაცია კიდევ უფრო გაუადვილდება.

რუსეთი, ბელარუსი და ენერგოპოლიტიკა

დასავლეთში ბელარუსის ლიდერს ხშირად ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ. ქვეყანას 1994 წლიდან ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს, რომელსაც წლებია თავისუფალ სამყაროსთან პრობლემური ურთიერთობა აქვს. ლუკაშენკომ მის ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოხსენიებაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას იხუმრა კიდეც.”ჩვენი დიქტატურა იმით არის განსხვავებული, რომ შაბათ-კვირას ყველა ისვენებს და პრეზიდენტი მუშაობს,” - განაცხადა ლუკაშენკომ. პომეპო მინსკს შაბათს ეწვია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბელარუსი მყარად რუსეთის ორბიტაში დარჩა და პოლიტიკური ერთგულების ფასად ენერგო სუბსიდიებით და სხვა ეკონომიკური პრივილეგიებით სარგებლობდა. ქვეყანა ენერგორესურსების 90%-ზე მეტს რუსეთიდან იღებს. რუსეთის დახმარებით ბელარუსი ატორმურ ენერგო სადგურსაც აშენებს, რომელიც ლიტვასა და ბელარუსს შორის დიდი დაძაბულობის საგანია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბელარუსი მყარად რუსეთის ორბიტაში დარჩა და პოლიტიკური ერთგულების ფასად ენერგო სუბსიდიებით და სხვა ეკონომიკური პრივილეგიებით სარგებლობდა.

ბელარუსის გავლით რუსეთი ევროპას გაზს იამალ-ევროპის მაგისტრალური გაზსადენით აწოდებს. ასევე, გაზპრომი ფლობს მინსკი-ლიტვა-კალინინგრადის გაზსადენს და ბელარუსის გაზის შიდა სატრანსპორტო სისტემას, რომელიც ადრე “ბელსტრანსგაზის” სახელით იყო ცნობილი. 2004 წლამდე გაზპრომი ბელარუსს გაზს ადგილობრივი ტარიფით აწოდებდა, ხოლო ქვეყნის შიდა ქსელის ოპერირებას ბელარუსი ახდენდა. პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხებასთან ერთად, რუსეთმა ბელარუსის გაზის შიდა ქსელის ხელში ჩაგდებაც მოისურვა. ბელარუსის გაზის ეს შიდა სატრანსპორტო სისტემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის საკუთრება გახდა. 2004 წელს რუსეთმა მისი 50% წილის შეძენა სცადა, მაგრამ ფასზე დაწყებული დავის შედეგად ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ რუსეთმა ბელარუსში გაზის ტრანზიტი დროებით საერთოდ შეწყვიტა. ეტაპობრივი შესყიდვის პრინციპით 2011 წელს გაზპრომმა ეს სისტემა საბოლოოდ სრულად შეიძინა და ის ამჟამად “გაზპრომ ტრანსგაზ ბელარუსის” სახელით არის ცნობილი. ამ შესყიდვით ბელარუსის გაზმომარაგების სისტემას მთლიანად გაზპრომი დაეუფლა.

ბელარუსზე გამავალი გაზსადენები
ფოტო: Gazprom
რუსეთს და ბელარუსს 15 წელზე მეტია ნავთობისა და გაზის ტრანზიტისა და ტარიფების თემაზე ურთიერთობა პერიოდულად ეძაბებათ. მაგალითად, 2007 წელს მოსკოვმა მინსკს გაზის ექსპორტის ფასი გაუზარდა და ნავთობზე საექსპორტო ბაჟი დაუწესა. ლუკაშენკომ პასუხად ნავთობის ტრანზიტის ახალი მოსაკრებელი შემოიღო, რასაც რუსეთმა ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტით უპასუხა. ბელარუსმა ქვეყანაზე გამავალი “დრუჟბას” სახელით ცნობილი მაგისტრაული ნავთობსადენიდან ევრპისთვის განკუთვნილი ნავთობის მოხმარება დაიწყო, რის შედეგადაც რუსეთმა, მოკლე პერიოდით, ევროპაში ტრანზიტი სრულად შეაჩერა. ტარიფების თემაზე რუსეთმა და ბელარუსმა 2010 წელსაც იდავეს. 2015 წლიდან რუსეთმა ბელარუსს ნავთობზე და გაზზე ფასები მორიგჯერ გაუზარდა, მაგრამ ასევე შეუმცირა სესხები და რუსულ ბაზარზე წვდომა შეუზღუდა.

ენერგომატარებლების ტარიფების თემაზე დაპირისპირება 2019 წელსაც განახლდა და დავა დღემდე გრძელდება. რუსეთმა ბელარუსისთვის ნედლი ნავთობის მიწოდება 2020 წლის იანვრის დასაწყისში მოკლე პერიოდით საერთოდ შეაჩერა. ამ დაპირისპირებას კომენტატორების ნაწილი ბელარუსის მიერ რუსეთთან ინტეგრაციის პროცესში შექმნილი წინააღმეგობებით ხსნის. იგივეს ამბობს ლუკაშენკოც, რომელმაც 24 იანვარს, აღმოსავლეთ ბელარუსში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთი ენერგორესურსების ბერკეტის გამოყენებით მინსკზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ლუკაშენკომ ქაღალდის ქარხანაში შეკრებილ მუშებს განუცხადა, რომ ვერ უღალატებს მათ და “ვერ დაანაწევრებს ბელარუსს მოძმე რუსეთის შემადგენლობაში შესაყვანადაც კი.”

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, იანვარში ბელარუსმა ნედლი ნავთობის შეძენა ნორვეგიიდან დაიწყო. ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანა ნავთობის მოწოდებაზე მოლაპარაკებებს ამერიკასთან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც აწარმოებს.

გარდა ენერგორესურსებისა, რუსეთს ბელარუსზე სხვა ეკონომიკური ბერკეტებიც გააჩნია. რუსეთი ბელარუსის მთავარი სავაჭრო პარტნიორიც არის. 

წყარო: ბელარუსის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტი

წყარო: ბელარუსის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტი 

რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს აქტიურად იყენებს, რაც ბელარუსს პერიოდულად დიდ დარტყმას აყენებს. მაგალითად, 2009 წელს, ბელარუსში ვიზიტად მყოფმა პუტინმა ქვეყნის რძის წამყვანი წარმოებების პრივატიზების ინტერესი გამოთქვა. თანხმობის ნაცვლად, ბელარუსმა ევროკავშირთან რძის პროდუქტების ექსპორტის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად მოლაპარაკებები დაიწყო. რუსეთის რეაქციამაც არ დააყოვნა. მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს ხელით ბელარუსიდან რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტი აიკრძალა. ეს ეპიზოდი “რძის ომის” სახელით არის ცნობილი. 2014 წელს რუსეთმა ეკონომიკური სანქციების პასუხად დასავლეთის ქვეყნებიდან სასოფლო სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა. საქნციების ფონზე ამჯერად ბელარუსმა სცადა რუსეთთან პრეფერენციული სავაჭრო პირობებით ესარგებლა და მალე რუსულ ბაზარზე დასავლეთიდან იმპორტირებული და გადაფუთული ბელარუსული კივი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები გამოჩნდა.

რა სურს რუსეთს?

ბელარუსი რუსეთის მიერ სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებით შექმნილი ყველა რეგიონული კავშირის წევრია. მათ შორისაა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, ევრაზიის კავშირი და დამოუკიდებელ სახემწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), რომლებიც რუსეთს რეგიონში მისი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად სჭირდება. 

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი 2017 წელს მინსკში გამართული კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტის დაწყებამდე
ფოტო: newsweek.com
რუსეთი ცდილობს რეგიონში ამერიკის გავლენა შეასუსტოს, ევროპა გახლიჩოს და საკუთარი გავლენა რბილი და ხისტი ძალის ინსტრუმენტების სრული სპექტრის გამოყენებით გაიფართოვოს. მათ შორისაა ომი, მუქარა, შანტაჟი, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა, მოსყიდვა და “აქტიურ ზომებად” წოდებული ბრძოლის სხვა მეთოდები. ბელარუსის რუსულ ორბიტაში დატოვება ამ აგრესიული სამეზობლო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. 

რუსეთი ცდილობს რეგიონში ამერიკის გავლენა შეასუსტოს, ევროპა გახლიჩოს და საკუთარი გავლენა რბილი და ხისტი ძალის ინსტრუმენტების სრული სპექტრის გამოყენებით გაიფართოვოს.

მაიკლ კარპენტერი, ვლად კობეცი და დევიდ კრამერი წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არსებულ დინამიკას აკვირდება და ხედავს, რომ ბელარუსის უპირობო ერთგულება გარანტირებული აღარ არის. ავტორები ამტკიცებენ, რომ ბელარუსში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სამოქალაქო ცნობიერება იზრდება, მშობლიური ენის, კულტურისა და ისტორიის მიმართ ინტერესი უფრო დიდია და დამოუკიდებლობის ფასიც უფრო მაღალია. ავტორების აზრით პუტინი ბელარუსის რუსეთისგან დისტანცირების პროცესის შეჩერაბას ცდილობს და ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდის და ზეწოლის იმ ინსტრუმენტებს იყენებს, რაც საქართველოსა და უკრაინაზე გამოსცადა. პასუხად, ბელარუსი სტრატეგიული ალტერნატივების ძიებაშია და დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენას აქტიურად ცდილობს

საკავშირო ხელშეკრულება და ბელარუსის სტრატეგიული წონა

1996 წელს ბელარუსი და რუსეთი თანამეგობრობის შექმნაზე შეთანხმდნენ და 1997 წელს ბელარუსის და რუსეთის კავშირი გააფორმეს. 1999 წელს, ურთიერთობების ახალ ეტაპზე ასაყვანად, რუსეთმა და ბელარუსმა საკავშირო სახელმწიფოს შექმნის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.  

1997 წელს რუსეთ-ბელარუსის კავშირის ოფიციალური გაფორმების ცერემონია კრემლში
ფოტო: wikimedia
მანამდე, ლუკაშენკომ 1918 წლის ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დროინდელი დროშა და გერბი შეცვალა და რეფერენდუმის ძალით საბჭოთა პერიოდის ეროვნული სიმბოლოები დააბრუნა. რუსეთმა და ბელარუსმა 1995 წელს საზღვარიც გააუქმეს, მაგრამ მას შემდეგ რაც ბელარუსმა დასავლეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის 5 დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო, რუსეთმა 2017 წელს ბელარუსთან სასაზღვრო ზონა აღადგინა.

ბელარუსის დემოკრატიული რესპუბლიკის 1918 წლის გერბი, რომელიც ოდნავ სახეცვლილი ფორმით 1991-1995 წლეში გამოიყენებოდა
ფოტო: wikipedia
საკავშირო ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი და ბელარუსი ფაქტობრივად კონფედერაციულ მოწყობაზე გადასვლას გეგმავდნენ. ორ ქვეყანას საერთო კონსტიტუტცია, პარლამენტი, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები, ერთიანი სავალუტო და საგადასახადო რეჟიმი უნდა შეექმნათ. როგორც მაშინ გამოცემა გარდიანი წერდა, საკავშირო ხელშეკრულება არ იყო საფუძვლიანად დამუშავებული და დიდწილად ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დაჟინებული მოთხოვნით გაფორმდა. როგორც გარდიანი აღნიშნავს, დოკუმენტი სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. უფრო მეტიც, რუსეთი შიშობდა, რომ ბელარუსის საბჭოთა ყაიდის ჩამორჩენილ ეკონომიკასთან ასოციაცია მის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებდა. 

ვითარება საგრძნობლად შეიცვალა მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ვლადიმერ პუტინმა შეცვალა. პუტინმა რუსეთის აგრესიული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ბელარუსთან საკავშირო სახელმწიფოს ხელშეკრულებაში უფრო ფართო ინტერესები დაინახა. 

ინტეგრაციის თემა განსაკუთრებით გასულ წელს გააქტიურდა. 2019 წლის დეკემბერში პუტინმა და ლუკაშენკომ საკავშირო შეთანხმების შესრულების საკითხზე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს, მაგრამ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ენერგოტარიფების თემა ჯერ-ჯერობით მთავარ წყალგამყოფად რჩება. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების გააქტიურებამ მინსკში გამოსვლებიც კი გამოიწვია. ბელარუსის სუვერენიტეტის შენარჩუნების მოთხოვნით ბოლო აქცია 2019 წლის 29 დეკემბერს გაიმართა

ანალიტიკოსები ხელშეკრულების გარშემო დისკუსიის გააქტიურებას ორ მიზეზს უკავშირებენ. ერთი შიდაპოლიტიკურია, ხოლო მეორე გეოპოლიტიკური. მიმომხილველების ნაწილი წერს, რომ პუტინი 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დასარჩენად იურიდიულ საფუძველს ეძებს და სურს თავი საკავშირო სახელმწიფოს ლიდერად გამოაცხადოს. ცხადია, რომ პუტინი ძალაუფლების დათმობას 2024-ში არ გეგმავს, მაგრამ როგორც გამოცემა ფორინ პოლისიში ავტორი კრის მილერი წერს, ახალი სახელმწიფოს შექმნაზე ადვილი პუტინისთვის კონსტიტუციის შეცვლაა. 

ანალიტიკოსები ხელშეკრულების გარშემო დისკუსიის გააქტიურებას ორ მიზეზს უკავშირებენ. ერთი შიდაპოლიტიკურია, ხოლო მეორე გეოპოლიტიკური. 

მართლაც, შიდაპოლიტიკური მოტივი გაზვიადებულად გამოიყურება. 15 იანვარს, პუტინი რუსეთის კონსტიტუცაში ცვლილებების შეტანაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ცვლილებები მას საშუალებას მისცემს ძალაუფლება 2024 წლის შემდეგაც შეინარჩუნოს. ასევე, ნიშანდობლივია, რომ რუსეთის დუმის სპიკერმა გასულ ზაფხულს სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ რუსული კონტიტუცია “მოძველდა”. 

ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის გეოპოლიტიკური მიზეზები, რამაც რუსეთს ბელარუსის ანექსიისკენ შეიძლება უბიძგოს. რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშრის ქვეყნებზე გავლენის შენარჩუნებას ყველა ხერხით ცდილობს. ბელარუსი ევროპაში ძალის პროექციისთვის უმნიშვნელოვანესი პლაცდარმია. ქვეყანას ევროპის აღმოსავლეთში სტრატეგიული მდებარეობა აქვს და რუსეთის სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე საკვანძო სახელმწიფოა. როგორც ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი წერს, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბელარუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ფრონტისპირა სახელმწიფოს კატეგორიაში შეიყვანა, რაც ამერიკის პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს და ბელარუსის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდას უსვამს ხაზს. 

ბელარუსის სტრატეგიული მდებარეობის შესაფასებლად ევროპის რუკისთვის თვალის შევლებაც კმარა. რუსულ კალინინგრადამდე, რომელიც პოლონეთსა და ლიტვას შორის არის მოქცეული, სახმელეთო გზა ბელარუსზე გადის. ეს ანკლავი რუსეთს ბალტიის ზღვაზე გასასვლელს და სხვა სტრატეგიულ სამხედრო უპირატესობებს ანიჭებს. ტერიტორია რუსეთს “კბილებამდე აქვს შეიარაღებული.” კალინინგრადში განლაგებულია როგორც რუსეთის სახმელეთო ძალები, ასევე ფლოტი და “ისკანდერ-ემის” ტიპის იარაღი, რომელსაც ატომური რაკეტების გაშვება 500 კილომეტრამდე რადიუსში შეუძლია. 

ბელარუსის გაკონტროლებით, რუსეთს ნატოს სახმელეთო ძალებისთვის პოლონეთში სუვალკიზე გამავალი კორიდორის ჩაკეტვაც შეუძლია. ეს კორიდორი ნატოსთვის ბალტიის ქვეყნებამდე მისასვლელი ერთადერთი სახმელეთო გზაა.

სუვალკის კორიდორი -  ნატოს ჯარებისთვის ბალტიის ქვეყნებამდე მისასვლელი ერთადერთი სახმელეთო გზა
ფოტო: baltictimes.com
რუსეთის მიერ ბელარუსის მილიტარიზაციის პოტენციური საფრთხე ბევრს აშფოთებს. 2017 წელს ეს თემა ბელარუსში ჩატარებული “დასავლეთი 2017”-ის სახელით ცნობილი მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფონზე გააქტიურდა. უკრაინა მაშინ შიშობდა, რომ რუსეთი სამხედრო შეიარაღების ნაწილს წვრთნების შემდეგ ქვეყნიდან აღარ გაიყვანდა. რუსეთის სამხედრო ბაზების გამოჩენა ბელარუსში უკრაინისთვის მეტად პრობლემურია, რადგან ქვეყნის აღმოსავლეთის გარდა, რუსეთი შეძლებს უკრაინა-ბელარუსის ჩრდილოეთ საზღვარიც მოწყვლადი გახადოს. მსგავსი პრობლემა ექმნებათ ლიტვას და ლატვიასაც, რომლებიც სახმერთ-აღმოსავლეთ საზღვარს ბელარუსთან იყოფენ და პოლონეთს, რომელიც კალინინგრადის გარდა რუსეთის მეზობლად აღმოსავლეთითაც აღმოჩნდება. 

ალექსანდრ ლუკაშენკო “დასავლეთი 2017”-ის ფარგლებში გამართულ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნას ესწრება
ფოტო: valaszonline.hu
შესაბამისად, ექსპანსიონისტი რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთი დაინტერესებულია ბელარუსში სამხედრო ბაზების განლაგებით და ბელარუსის ურყევად რუსულ ორბიტაში დატოვებით. 1990-იანი წლებიდან, რუსეთი გრძელვადიანი იჯარით ბელარუსში საბჭოთა დროინდელ განცევიჩის რადიო სალოკაციო სადგურს და ქალაქ ვილეიკაში საზღვაო ძალების საკომუნიკაციო ცენტრს ფლობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით სამხედრო ბაზა არ აქვს. რუსეთი ბელარუსში ავიაბაზის დაარსების საკითხს წლებია აყენებს, მაგრამ მუდმივ წინააღმდეგობას იღებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2018 წელს ბაზის დაარსებაზე ლუკაშენკოს მორიგ უარს “უსიამოვნო ეპიზოდიც” კი უწოდა

როგორ უნდა მოიქცეს დასავლეთი?

მნიშვნელოვანია დასავლეთმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს, რომ ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია. პარალელი პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაფორმებულ ვერსალის შეთანხმებასთან შეგვიძლია გავავლოთ. ანტანტას ალიანსში შემავალმა სახელმწიფოებმა, ვერსალის შეთანხმების მე-80 პუნქტში გერმანიას ავსტრიის დამოუკიდებლობის პატივისცემა პირდაპირ მოსთხოვეს. 1919 წლის სექტემბერში გერმანიას ანტანტას ძალებთან დიპლომატიური აქტის გაფორმებაც მოუხდა, რომლის მიხედვითაც გერმანიის კონსტიტუციის ის პუნქტები, რომლებიც ავსტრიასთან კავშირს მოიაზრებდა გაუქმებულად გამოცხადდა. 

რუსეთის შესაჩერებლად დასავლეთი ბელარუსის დამოუკიდებლობის გარანტად უნდა გამოვიდეს. დასავლეთის აქტიური ჩართულობის მოწინააღმეგეები სწორად აღნიშნავენ, რომ ბელარუსი ავტორიტარული სახელმწიფოა, რომელიც ხშირად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და მოქნილად იყენებს დასავლეთთან დაახლოვების საფრთხეს, რათა რუსეთს ეკონომიკური სუბსიდიები გამოსძალოს. ამ რეალობის მიუხედავად, ბელარუსის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შენარჩუნება ევროპის არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მინსკში ვიზიტისას ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას ბევრი მიმართულებით საერთო ინტერესები აქვთ და ამერიკა მზად არის ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მხარი დაუჭიროს. 

არსებული მდგომარეობა დასავლეთს საშუალებას აძლევს იმუშაოს ბელარუსთან, რათა ქვეყანამ ეტაპობრივად დაძლიოს რუსეთზე დამოკიდებულება და გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ადგილი დაიმკვიდროს. მნიშვნელოვანია დასავლეთმა ხელიდან არ გაუშვას ის შესაძლებლობა, რასაც რუსეთის მიერ ბელარუსზე განხორციელებული ზეწოლა ქმნის. ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ბოლო წლებთან შედარებით დასავლეთთან კავშირების აღდგენის უპრეცედენტო მზაობას ამჟღავნებს. პომპეოსთან პრესკონფერენციაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბელარუსს რეფორმები მრავალი მიმართულებით აქვს გასატარებელი, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.

მნიშვნელოვანია დასავლეთმა ხელიდან არ გაუშვას ის შესაძლებლობა, რასაც რუსეთის მიერ ბელარუსზე განხორციელებული ზეწოლა ქმნის. 

დამოუკიდებლობის გარანტიებთან ერთად, აუცილებელია რუსეთზე ბელარუსის ენერგოდამოკიდებულების შემცირება და ქვეყნის ბაზრის დივერსიფიკაცია. “ჩვენ უდიდესი ენერგომწარმოებელი ქვეყანა ვართ მსოფლიოში და ერთადერთი რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ ჩვენთან დარეკვაა,” - თქვა პომპეომ ბელარუსში ვიზიტისას. ეს განცხადება მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, რადგან ბელარუსის წინააღმდეგ რუსეთის ყველაზე მძლავრი ბერკეტი ეკონომიკურია. კრემლთან დაპირისპირებაში კაპიტულაციის თავიდან ასაცილებლად ქვეყანას დასავლეთის დახმარებით რუსულ ნავთობსა და გაზზე დემოკიდებულების შემცირება, ფინანსური მხარდაჭერა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. 

რუსეთის მიერ ბელარუსზე განხორციელებული ზეწოლა ყურადღებას და დასავლეთის აქტიურ ჩართულობას საჭიროებს. თუ რუსეთმა შეძლო ბელარუსზე სრული კონტროლის მოპოვება, საქართველოს, უკრაინის და ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. დასავლეთმა მოვლენების მსგავსი განვითარება არ უნდა დაუშვას.

კომენტარები