აშშ-რუსეთი

ამერიკა-რუსეთის ჭიდილი ბირთვული შეიარაღების კონტროლზე და საქართველო

წარმოიდგინეთ, საკუთარი ნებით ჩაებით ისეთ შეჯიბრში, სადაც მონაწილეებს ერთი ტემპით სირბილს სთხოვენ. თქვენ შედარებით წინ ხართ, მაგრამ ახალი წესებით ოპონენტს უნდა დაელოდოთ. თუ დაგეწიათ, შეიძლება გაგასწროთ კიდეც, მაგრამ, თუ პატიოსანი მოთამაშეა, ასე არ მოიქცევა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ შეჯიბრში სწრაფად მორბენალი ამერიკაა, ოპონენტი რუსეთი, ხოლო საქართველო დარბაზიდან უცქერს ამ პაექრობას. რომელ არჩევანს ამჯობინებდით?

ამერიკამ 2010 წელს მოლაპარაკებები არჩია და ბირთვული შეიარაღების შეჯიბრში რუსეთთან თანაბარი ტემპით სირბილზე შეთანხმდა. 10 წლის შემდეგ ეს ხელშეკრულება გადასახედია. რა ბედი ელის მას და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობას საქართველოს უსაფრთხოებაზე?

ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამერიკამ რუსეთთან შეჯიბრში წამყვანი პოზიციები  შეინარჩუნოს. ამისთვის რუსეთს არ უნდა გააჩნდეს ისეთი ძალის და ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ამერიკას დათმობებზე წაიყვანს. ადვილი გამოსაცნობია, რომ ეს დათმობები პირველ რიგში ევროპას და ჩვენს რეგიონს შეეხება, რადგან რუსეთი უკვე დიდი ხანია, ღიად ცდილობს, ამ მხარეში დომინანტი პოზიცია დაიბრუნოს.

2006 წელს რუსეთის მიერ ინიცირებულმა გაეროს კრიტიკულმა რეზოლუციამ კოდორის ხეობაზე, საქართველოს მცდელობების მიუხედავად, ამერიკის მხარდაჭერა მოიპოვა. მაშინ მედია გამოცემები წერდნენ, რომ საქართველოს მიმართ კრიტიკულ რეზოლუციაზე დათანხმებით ამერიკამ ჩრდილოეთ კორეის სანქციების პაკეტზე რუსეთის მხარდაჭერა მიიღო. 

ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენლებს ორ საკითხს შორის კავშირი არ დაუდასტურებიათ. მიუხედავად ამისა, ეს მაგალითიც გვიჩვენებს, რომ უახლოეს წარსულში ბირთვულ თემებზე მოლაპარაკებებისას რუსეთი ამერიკასთან საქართველოს საკითხს აყენებდა და დათმობების მიღებას ცდილობდა. საქართველოს პროდასავლური კურსი და უსაფრთხოება მსგავსი ტიპის შეთანხმებაში, შესაძლოა, კვლავ სავაჭრო საკითხთა ნუსხაში მოხვდეს.

შესაბამისად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ამერიკაში გადაწყვეტილების მიმღებები იმგვარად აფასებდნენ რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივას, რომ ამან ამერიკის დასუსტება და რეგიონში რუსეთის გაძლიერება არ გამოიწვიოს. რას გვიქადის ამერიკა-რუსეთის ბირთვული თანამშრომლობა?

ახალი START: ბოლო მოვლენები

ამერიკა-რუსეთი 2010 წლის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან. დოკუმენტს, რომელიც ახალი START-ის სახელით არის ცნობილი, ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის.

შეთანხმება ორი ქვეყნის ბირთვულ იარაღზე ლიმიტს აწესებს და აღსრულების კონტროლის მექანიზმსმოიცავს. ამერიკა ახალი START-ის ერთი წლით გასაგრძელებლად რუსეთს ბირთვული ქობინების რაოდენობის გაყინვას სთხოვს. ეს შეზღუდვა როგორც სტრატეგიულ, ასევე შედარებით მცირე ზომის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ეხება, რომელიც ამჟამინდელი ხელშეკრულების ნაწილი არ არის. რუსეთისთვის ეს დისკომფორტს ქმნის, რადგან ბირთვული მოდერნიზაციის პროცესში ეშლება ხელი და ტაქტიკურ იარაღზე შეზღუდვის ვალდებულებას უჩენს, რომელიც აქამდე არ ჰქონია.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი G-20-ის სამიტზე
ფოტო: FP
პუტინმა გასულ კვირას ამერიკას ხელშეკრულების არსებული პირობებით გაგრძელება შესთავაზა ერთი წლით, მაგრამ სწრაფი უარი მიიღო, რის შემდეგაც ახალი START-ის შენარჩუნების იმედი გადაიწურა. ბოლო მომენტში რუსეთმა თითქოს დათმო და ბირთვული ქობინების რაოდენობის შეზღუდვის მოთხოვნას დასთანხმდა. მიუხედავად ამისა, საკითხი არ ამოწურულა, რადგან, როგორც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო'ბრაიანი ამბობს: “ნებისმიერ მოლაპარაკებაში, მაგრამ განსაკუთრებით შეიარაღების შეზღუდვის საკითხში, ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია.” ის განმარტავს, რომ ვერიფიკაციის პირობების შეთანხმების გარეშე ხელშეკრულება ვერ გაგრძელდება, ხოლო პუტინი კვლავ იმეორებს, რომ არსებული შეთანხმების უპირობო გაგრძელებას არაფერი უდგას წინ.

ტრამპის ადმინისტრაცია ასევე შეშფოთებულია ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაციით და შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებაში თავისი მონაწილეობის აუცილებლობასაც ხედავს

Ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლი რუსეთთან: გამოსავალი თუ საფრთხე?

“მთავარი განსხვავება ამერიკის ორ ძირითად საგარეო პოლიტიკურ სკოლას შორის კონცენტრირებულია კითხვაზე, თუ რა არის, ან რა უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური საფუძველი: ფურცელი თუ ძალა,” - წერს ჩარლზ კრაუტჰამერი. ის განმარტავს, რომ ამერიკაში რეალიზმის სკოლის წარმომადგენლებისათვის ქაღალდზე დატანილი ხელშეკრულებები “გულუბრყვილობის და ცინიზმის ისტორიაა.” 

კრაუტჰამერს მაგალითად მოჰყავს კელოგ-ბრიანის პაქტი და ჩრდილოეთ კორეასთან 1994 წელს შეთანხმებული ჩარჩო. კელოგ-ბრიანის პაქტმა 1928 წელს არც მეტი არც ნაკლები ომი აკრძალა იმ იმედით, რომ პირველი მსოფლიო ომის გაუგონარი სისასტიკე წარსულს ჩაბარდებოდა. ხელშეკრულებას აღსრულების მექანიზმი არ გააჩნდა და ბევრი მიიჩნევს, რომ მსგავსმა უსაფუძვლო იმედმა  მეორე მსოფლიო ომის წახალისებას შეუწყო ხელი. ევროპაში კვლავ გაჩნდა ძალის ვაკუუმი, რამაც გერმანიაში რადიკალურ ძალებს აგრესიული პოლიტიკის გატარების საშუალება მისცა. ომის ამკრძალავმა პაქტმა ეს დინამიკა ვერ შეაჩერა. პირიქით, ევროპის დიდი სახელმწიფოების სისუსტემ მათ გერმანიასთან მიუღებელ დათმობებზე წასვლისკენ უბიძგა, რაც საბოლოოდ ისევ ომით დასრულდა.

Ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული პროგრამის გაყინვის შეთანხმებას არანაკლები წარუმატებლობა ხვდა წილად. ქვეყანამ პირობა არ შეასრულა და დღეს ამერიკა შიშობს, რომ არც ისე შორეულ მომავალში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რაკეტები ამერიკის კონტინენტს მისწვდება.

1928 წლის კელოგ-ბრიანის პაქტის ხელმოწერა ფოტო
ფოტო: Wikipedia

კრაუტჰამერის თქმით, რეალისტებისთვის უსაფრთხოების, სტაბილურობს და მშვიდობის გარანტი ძალაა. ამ იდეის მომხრეებისთვის ამერიკა უპირობო ლიდერად დარჩენისკენ უნდა ისწრაფვოდეს. შესაბამისად, ისეთი შეთანხმებების გაფორმება, რომლებიც მას გასაქანს არ აძლევს, მიუღებელია. 

ამ სკოლის მიხედვით, ამერიკის მოწინააღმდეგეები ბოროტად იყენებენ საერთაშორისო მექანიზმებს და ხელშეკრულებებს, რათა ამერიკის მოქმედების არეალი შეზღუდონ და საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესონ. შესაბამისად,  მოწინააღმდეგეებთან შეიარაღების შეზღუდვასა და პარიტეტზე შეთანხმება არასწორია, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავ თავს და მოკავშირეებს, თუ ურჩ სახელმწიფოებს საკმარის ძალას დაუპირისპირებ.

ამ იდეებისგან განსხვავებით, მეორე სკოლისთვის მსოფლიო წესრიგი კანონებზე დაფუძნებული  მმართველობაა. ლიბერალური ინსტიტუციონალიზმი გვკარნახობს, რომ მსოფლიო წესრიგის დასაცავად საჭიროა სახელმწიფოები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და დათმობების და მედიაციის გზით ისეთ ქცევის ნორმებსა და პირობებზე შეთანხმდნენ, რაც ომის ალბათობას შეამცირებს. ეს შეთანხმებები ყველა მონაწილეს შეუზღუდავს თავისუფალი მოქმედების საშუალებას, მაგრამ საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებას და განმტკიცებას დაეხმარება. ამისი მაგალითია, როგორც გაეროს ფორმატში რუსეთთან ერთად მიღებული რეზოლუციები, ისე შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებები.

მოცემული მიდგომები ახალი START-ის შეთანხმებას რომ მოვარგოთ, ორ განსხვავებულ პოზიციას მივიღებთ. შეთანხმების ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთთან შეიარაღებაზე კონტროლის ხელშეკრულების გაფორმება ამერიკისთვის წამგებიანია. მათი აზრით, რუსეთი მსგავს მოლაპარაკებებს საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების მიხედვით სტრატეგიულად იყენებს. 

“როდესაც საბჭოთა კავშირი დაინახავდა, რომ ამერიკა მას ტექნოლოგიურად უსწრებდა, ის აგრესიით დაიმუქრებოდა, რითაც ამერიკას დაშინებით მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანდა. მოლაპარაკებები ან იწელებოდა, ან დასავლეთი ძალების შემცირებაზე თანხმდებოდა. როგორც კი საბჭოთა კავშირი ამერიკას წამოეწეოდა, მოლაპარაკებები იშლებოდა ან საბჭოთა კავშირი უბრალოდ არსებული შეთანხმების დარღვევას იწყებდა,” - წერს ჰერითიჯის ფონდის მკვლევარი მიქაელა დოჯი. ის მიიჩნევს, რომ რუსეთი ბირთვული ქობინების გაყინვაზე დღეს თანახმა მხოლოდ იმიტომაა, რომ ბირთვული მოდერნიზაცია თითქმის დაასრულა. ამერიკამ კი ეს პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და, მკვლევრის თქმით, ქვეყანას ერთწლიანი შეზღუდვაც დიდ პრობლემებს შეუქმნის. 

ხელშეკრულებას მკაცრად აკრიტიკებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ამერიკა პოზიციებს თმობს, ხოლო რუსეთი ძლიერდება.

“როგორც ამერიკელების უმეტესობას, მეც მჯერა, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნებოდა მასობრივი განადგურების იარაღი რომ არ არსებობდეს. მაგრამ, ასევე, მწამს, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, როდესაც ამერიკა ძლიერია. უფრო მეტიც, რაც უფრო ძლიერი ვართ ისეთ სახელმწიფოებთან შედარებით, როგორიც რუსეთია, მით უფრო უსაფრთხოა სამყარო” - წერდა ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი, რომელიც 2010 წელს ახალი START-ის შეთანხმების რატიფიცირებისგან კონგრესს თავის შეკავებას ურჩევდა.

რომნის თქმით, ხელშეკრულება რიგი მიზეზის გამო მეტად პრობლემურია. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ რუსეთის არსენალის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეთანხმება მას რეალურ შემცირებებს არ ავალდებულებს, მაშინ, როდესაც ამერიკას ცალმხრივად უწევს მისი შესაძლებლობების შეკვეცა. ამასთან, რომნი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულება, რომელიც მხოლოდ შეტევით იარაღს უნდა არეგულირებდეს, ამერიკის საჰაერო თავდაცვის ლიმიტირებაზეც ლაპარაკობს. ის ასევე უკმაყოფილოა, რომ ახალი START-ი არ მოიცავს რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, მაშინ, როცა რუსეთს ათი ერთთან უპირატესობა აქვს. 

რუსული დათვი იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ძია სემი მზადაა რომ მისცეს - უილიამ როჯერსის კარიკატურა
შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ რუსეთმა დამოუკიდებლად იტეხოს თავი, რა რესურსებით აპირებს ამერიკასთან ბირთვულ შეჯიბრში პარიტეტის თუ უპირატესობის მოპოვებას, ამერიკა თავისი ნებით ანელებს წინსვლას და საშუალებას აძლევს რუსეთს, დაეწიოს მას.

ამ პოზიციის საპირისპიროდ, იარაღზე კონტროლის მომხრეებისთვის ბირთვულ შეიარაღებაში შეჯიბრი ძვირი, კონტრპროდუქტიული და სახიფათოა. ისინი თვლიან, რომ ესკალაციის შემთხვევაში ბირთვული კონფრონტაციის მართვა არარეალისტურია და ამ დაპირისპირებას გამარჯვებული არ ეყოლება. ამერიკელმა სამხედრო სტრატეგოსმა ბერნარდ ბროუდიმ 1946 წელს ბირთვული რევოლუციის სახელით ცნობილი კონცეფცია ამ სიტყვებით გააჟღერა: “აქამდე ჩვენი შეიარაღებული ძალების მთავარი მიზანი ომების მოგება იყო. დღეიდან მისი მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილება უნდა გახდეს“. 

ბროუდი თვლიდა, რომ ეს იარაღი იმდენად ძლიერია, რომ მისი გამოყენება რაციონალურ აზრს მოკლებულია. მისი ნააზრევი წლების განმავლობაში მრავალმა მეცნიერმა განავრცო

ბროუდის ბირთვულ რევოლუციიის შესახებ აზრი დღემდე ორად იყოფა და ნაწილი თვლის, რომ ეს მხოლოდ აკადემიური ხედვაა, რადგან ის ვერ ხსნის, რატომ აგრძელებენ სახელმწიფოები ერთმანეთში პაექრობას, თუ რევოლუცია ნამდვილად მომხდარია.

შეიარაღებაზე კონტროლის მომხრეები ასევე ხაზს უსვამენ, რომ გარდა გამიზნული კონფრონტაციისა, გაუგებრობის ან შეცდომის გამო, შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენებით გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს სამყაროს. Შესაბამისად, მათი აზრით, ბირთვული იარაღის კონტროლის და მისი რაოდენობის შემცირების მცდელობები მისასალმებელია, რადგან დაწესებული ლიმიტი უსაფრთხოების გარემოს განჭვრეტადს ხდის. 

კითხვაზე, თუ როგორ უნდა დავიყოლიოთ ურჩი სახელმწიფოები, ან როგორ უნდა ვენდოთ მათ, პასუხი ორმხრივ დათმობებზე წასვლა, ბირთვული გაუვრცელებლობის მხარდაჭერა, ბირთვული იარაღის არგამოყენების ნორმების განმტკიცება და დაცვა, ნდობის აღდგენის ზომები, მუდმივი დიმპლომატიური კონტაქტები და ინფორმაციის გაცვლაა

ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლი და ევროპის უსაფრთხოება

რუსეთსა და ამერიკას შორის ბირთვული შეიარაღების შეჯიბრს პირდაპირი გავლენა აქვს ევროპის უსაფრთხოებაზეც. ამერიკა კონვენციური შეიარაღებით რუსეთზე დღეს ბევრად ძლიერია. შესაბამისად, რუსეთის მოტივაცია, რომ ეს ასიმეტრია ბირთვული იარაღის ხარჯზე დააბალანსოს, დიდია, რაც განსაკუთრებით ევროპაში იქნება საგრძნობი. 

ამერიკა ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვული მოდერნიზაციის პროცესს და შიშობს, რომ რუსეთის არსენალში ცვლილებებს გავლენა ექნება ამერიკის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებაზე. როგორც შარშან ამერიკის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რუსეთი აქცენტს სიზუსტეზე, შორ მოქმედებასა და დაბალი სიმძლავრის ბირთვულ იარაღზე აკეთებს. ეს იარაღი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან ის პოტენციურად საბრძოლო მოქმედებებისას შეიძლება გამოიყენო. 

გენერალ-ლეიტენანტ რობერტ ეშლის თქმით, რუსეთს 2000-მდე არასტრატეგიული ბირთვული ქობინი აქვს და ამ იარაღის სატყოცნი სისტემები პრობლემურია. ეს სისტემები ორმაგი დანიშნულებისაა. შესაბამისად, მათი მეშვეობით, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის გამოყენებაა შესაძლებელი. ამ იარაღით რუსეთი ამერიკას ვერ მისწვდება, მაგრამ მისი ევროპისთვის დამიზნება თავისუფლად შეეძლება. აღსანიშნავია, რომ Რუსეთი ახალ სტრატეგიულ ბირთვულ პლატფორმებსაც აშენებს და ეს იარაღი არსებული START-ის შეთანხმებით არ რეგულირდება. 

ამერიკის ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ბირთვული სტრატეგია და დოქტრინა შეზღუდული ბირთვული ესკალაციის შესაძლებლობას უშვებს. ამ  სტრატეგიას ხშირად ასე მოიხსენიებენ: „ესკალაცია დეესკალაციის მიზნით“. მის მიხედვით, სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება ამერიკისა და ნატოს პარალიზების მიზნით მცირე ზომის ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამით რუსეთი აჩვენებს, რომ ბირთვულ ომზე წამსვლელია და კატასტროფის შიშით ეცდება, დასავლეთი დათმობაზე წაიყვანოს. 

ანალიტიკოსები დღემდე მსჯელობენ, თუ რამდენად სარწმუნოა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების ასეთი დაბალი თამასა აქვს. Მიუხედავად ამისა, ეს კონცეფცია გავლენას ახდენს ამერიკის შეკავების პოლიტიკაზე ევროპაში, სადაც ის ნატოს წევრ სახელმწიფოებს ატომური ქოლგით უზრუნველყოფს. Სამეზობლოში Რუსეთის აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, ამერიკაში მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად გეგმებს ადგენენ. რიგი ანალიტიკოსი ამერიკას ტაქტიკური ბირთვული იარაღის უფრო მრავალფეროვან არჩევანში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. შედარებისთვის, რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკას მხოლოდ ერთი სახის არასტრატეგიული ბირთვული სისტემა - B-61-ის ტიპის თავისუფალი ვარდნის ბომბი გააჩნია

Რუსეთის სამხედრო მოდერნიზაცია აჩვენებს, რომ ის შუალედური დამიზნების იარაღში დებს რესურსს, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვის დიდ თავსატეხს წარმოშობს. Რუსეთის მიერ შექმნილი შუალედური დამიზნების სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა SSC-8/9M729 რუსეთს ევროპაში ნატოს სამხედრო და სამოქალქო სამიზნეებზე უცაბედი თავდასხმის უკეთეს შესაძლებლობას აძლევს.

რუსული 9M729-ის ტიპის შუალედური დამიზნების სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტის სატყორცნი მილი
ფოტო: The Drive
ამასთან, ეს იარაღი ევროპის თითქმის ყველა წერტილს შეიძლება მისწვდეს და  ორმაგი დანიშნულება აქვს, რის გამოც რუსეთს ახლა ევროპის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებაც შეუძლია. Მსგავსი რაკეტების შექმნა ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანსა და საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხაილ გორბაჩოვს შორის ხელმოწერილი INF-ის ხელშეკრულებით 1987 წელს აიკრძალა. ამერიკამ შეთანხმება შარშან დატოვა, რადგან რუსეთმა მისი პირობები დაარღვია. 

რაც უფრო მეტად მოქნილი და ეფექტიანი სამხედრო ინსტრუმენტები ექნება რუსეთის ევროპაში ძალთა ბალანსის მის სასიკეთოდ შესაცვლელად, მით მეტია შანსი, შესაძლებლობის ფანჯრის გახსნისას მან მტრული პოლიტიკა აგრესიულ ქმედებებში "თარგმნოს". ამერიკის უპირატესობის შესუსტება დააზიანებს, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის ინტერესებს.

შესაბამისად, ამერიკას START-ის ხელშეკრულების განახლება იმგვარი პირობებით სურს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებს დაარეგულირებს. ამით ამერიკა რუსეთის ბირთვული მოდერნიზაციის ნეგატიური შედეგების შესუსტებას და სავარაუდო ატომური შანტაჟის პოლიტიკის აღკვეთას ცდილობს. 

ახალი START-ის შეთანხმება

Სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება - START I - 1991 წელს ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა და ძალაში 1994 წელს შევიდა. Ხელშეკრულება მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის ბირთვული იარაღის არსენალის შემცირებას და აღსრულების ვერიფიკაციის რეჟიმს აწესებდა. Შეთანხმების ძირითადი მოთხოვნის მიხედვით, რუსეთსა და ამერიკას ეკრძალებოდათ 1600-ზე მეტი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის და შორი მოქმედების ბომბდამშენის გამოყენებით 6,000 ბირთვულ ქობინზე მეტის განთავსება. 

შეთანხმებას ვადა 2009 წელს გაუვიდა და მისი განახლებული ვერსია 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევს შორის გაფორმდა. შუალედურ პერიოდში მოქმედებდა მოსკოვის შეთანხმების სახელით ცნობილი SORT-ის ხელშეკრულებაც. ახალი START-ი, წინამორბედის მსგავსად, ორ ქვეყანას შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლს აწესებს. შეთანხმების მიხედვით, 700-ზე მეტი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის და შორი მოქმედების ბომბდამშენის გამოყენებით 1550 ბირთვულ ქობინზე მეტის განთავსება აკრძალულია.

ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი 2010 წლის 8 აპრილს ახალი START-ის ხელმოწერაზე
ამასთან, დაწესდა შეზღუდვა სატყორცნ დანადგარებზეც, სადაც  საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (ICBM), წყალქვეშა ხომალდის ბალისტიკური რაკეტების (SLBM) და შორი მოქმედების ბომბდამშენების რაოდენობა, რომელთაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, 800-ს არ უნდა აღემატებოდეს. Რუსეთი და ამერიკა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინსპექტირების უფლებას პერიოდულად იყენებენ.

ახალი START-ის შენარჩუნების მომხრეები

Ბირთვული შეიარღების კონტროლის შეთანხმების შენარჩუნების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ახალი სტარტის ხელშეკრულება, ისევე როგორც სხვა მსგავსი შეთანხმებები სტრატეგიულ სტაბილურობას უწყობს ხელს. ეს ტერმინი ცივი ომის დროიდან დამკვიდრდა და ემყარება შეხედულებას, რომ “ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა ვიომოთ.” 

ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი 1985 წლის ჟენევის სამიტზე, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ “ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა ვიომოთ.”
ფოტო: Wikipedia
სტაბილურობის ლოგიკა შემდეგია: თუ მოწინააღმდეგეზე თავდასხმა შენც გარანტირებულად მიუღებელ ზიანს გაყენებს, შეტევის განხორციელება ირაციონალურია. შესაბამისად, შეტევა აზრს კარგავს და ბირთვული ომის დაწყების მოტივაციაც არ არსებობს. ამ ლოგიკით აუცილებელია, მხარეებს საკმარისი სტრატეგიული ბირთვული იარაღი ჰქონდეთ არსენალში, რომელიც პირველ ბირთვულ შეტევას გადაურჩება. შეტევის განხორციელების მოტივაცია რომ არ არსებობდეს, მხარეებს არ უნდა შეეძლოთ პირველი დარტყმის თავიდან სრულად არიდება ან ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება. Სტრატეგიული სტაბილურობის დასაცავად ცივი ომის დროს შეიარაღებაზე კონტროლის რიგი შეთანხმება გაფორმდა.

ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ბირთვული დაპირისპირების ამსახველი კარიკატურა
ფოტო: Reddit
ისინი ვინც თვლის, რომ ახალი START-ის ხელშეკრულების შენარჩუნება აუცილებელია, ამბობენ, რომ მისი გაუქმების შემთხვევაში მსოფლიოში ყველაზე საშიშ იარაღზე ლიმიტი და ვერიფიკაციის რეჟიმი აღარ იარსებებს, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ უპრეცედენტო რეალობა იქნება. ეს მათ განსაკუთრებით აშფოთებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა და რუსეთი მსოფლიოში ბირთვული იარაღის საერთო არსენალის დაახლოებით 90%-ს ფლობენ. ამასთან, გამალებული ბირთვული შეიარაღება დიდ ფინანსურ რესურსებს საჭიროებს, ხოლო შეიარაღებაზე კონტროლის ხელშეკრულებები ამ დანახარჯის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა. 

ახალი START-ის გახანგრძლივების მომხრეები, ასევე, ამბობენ, რომ ის შეცდომების და გაუგებრობების შედეგად შემთხვევითი ომის ალბათობას ამცირებს. ბოლოს, როგორც ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონგრესში შეთანხმების განხილვისას 2010 წელს განაცხადა, ახალი START-ი ხელს უწყობს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) გაძლიერებას, რადგან ამერიკა აჩვენებს, რომ ის მზად არის, არსენალის არსებით შემცირებაზე იმუშაოს. 

ახალი START-ის სკეპტიკოსები

ახალი სტარტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელშეკრულება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს არ ემსახურება. ჯონ ბოლტონი მიიჩნევს, რომ START-ის შეთანხმებებს ბირთვული გაუვრცელებლობის შეჩერება რომ შეეძლოთ, ინდოეთი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ გამოცდას არ განახორციელებდნენ და ირანიც არ ეცდებოდა ამავე მიზნის მიღწევას. შეთანხმების მოწინააღმდეგეები ასევე ამბობენ, რომ ის არ არეგულირებს რუსულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც რუსეთი უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს და არ ზღუდავს ახალ შორი მოქმედების სატყორცნ სისტემებს. ტაქტიკური ბირთვული იარაღით რუსეთი ამერიკის, ნატოს და შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთის კონვენციური უპირატესობის დაბალანსებას ცდილობს და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათზე შეზღუდვის დაწესებას იოლად დათანხმდეს.

ამასთან, Მას შემდეგ, რაც შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულება (INF) წარსულს ჩაბარდა, და მანამდეც, ანალიტიკოსების ნაწილი ამბობდა, რომ მოსკოვის ნდობა ძნელია, რადგან ქვეყანა მხოლოდ მაშინ იცავს შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებებს, როდესაც ეს მისთვისაა ხელსაყრელი. 

დამატებით, ჯონ ბოლტონი ხელშეკრულებას ამერიკისთვის დაწესებული შეუსაბამო ლიმიტების გამო აკრიტიკებს. ბოლტონი ამბობს, რომ რუსეთი აღარ არის სუპერსახელმწიფო და, ამერიკისგან განსხვავებით, მას გლობალური ვალდებულებები არ გააჩნია. შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ბირთვული პარიტეტი უგულებელყოფს ამერიკის როლს და ის საფრთხის ქვეშ აგდებს ამერიკის ბირთვულ ქოლგას, რომლითაც ქვეყანა მოკავშირეებს იცავს. ბოლტონი ხელშეკრულებაში ბირთვული გაუვრცელებლობის პრინციპის დარღვევის საფრთხესაც ხედავს. თუ ამერიკის მოკავშირეებმა მასში ეჭვი შეიტანეს უფრო მაღალია შანსი, რომ საკუთარი ბირთვული იარაღის ფლობა დაისახონ მიზნად. კომენტატორები აკრიტიკებენ ხელშეკრულების შესრულების ვერიფიკაციის მექანიზმსაც და რუსეთის მცდელობას, ამერიკის საჰაერო თავდაცვაზე შეზრუდვები დააწესოს. 

საბოლოო ჯამში, ისინი, ვინც ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, მიიჩნევენ, რომ შეიარაღებაზე კონტროლი თვითმიზანი არ არის და, თუ იგი ამერიკას უფრო მეტ უსაფრთხოების პრობლემას უქმნის, ვიდრე აგვარებს, შეთანხმება გადასახედი ან გასაუქმებელია.

Შეჯამება

მომავალ კვირას დაგეგმილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები მრავალ სხვა საკითხთან ერთად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამერიკა-რუსეთის შეიარაღებაზე კონტროლის მომავალზე. ამერიკის ახალ პრეზიდენტს მოუწევს, პასუხი გასცეს კითხვას, აძლიერებს თუ არა საერთაშორისო უსაფრთხოებას რუსეთთან არსებული ბირთვულ არსენალზე კონტროლის შეთანხმება და შეძლებს თუ არა ამერიკა, წარმოებული მოლაპარაკებებით გააუმჯობესოს საკუთარი და საერთაშორისო უსაფრთხოება. დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის START-ს 5 წლით გააგრძელებს და ამ დროს ახალი ხელშეკრულების მოსალაპარაკებლად გამოიყენებს. 

თუ ამერიკა მოლაპარაკებების გზით წავიდა, ეს პროცესი საქართველოსთვის მეტად საყურადღებო იქნება. როგორც 2006 წელს გაეროში მიღებული რუსეთის სასარგებლო რეზოლუცია გვიჩვენებს, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების სპექტრი, შესაძლოა, ჩვენ უსაფრთხოებასაც შეეხოს. როდესაც რუსეთი ამერიკისთვის ღირებულ საკითხებზე დათმობაზე წასვლის მზადყოფნას გამოთქვამს, ის სანაცვლოდ არანაკლებს ითხოვს. 

აუცილებელია, ჩვენი ინტერესები მსგავსი გარიგების მსხვერპლი არ გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, თვალი ვადევნოთ რიტორიკას ბირთვულ განიარაღებაზე, რაც პოპულარული იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში და, შესაძლოა, კვლავ დაიბრუნოს ადგილი ამერიკის გადაწყვეტილების მიმღებთა დისკუსიაში. ამერიკის მოწინააღმდეგეები ამას მხოლოდ მიესალმებიან, რადგან ეს იარაღი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ამერიკა პირველობას ინარჩუნებს.

დონალდ ტრამპის მეორედ არჩევის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ინტენსიური მოლაპარაკებები ხელშეკრულების ტექნიკურ გახანგრძლივებაზე კვლავ განახლდება. თუ რუსეთი ამერიკის ადმინისტრაციისთვის მისაღებ პირობებს არ დათანხმდება, ტრამპი შეთანხმებას, სავარაუდოდ, არ გააგრძელებს. ყველა სხვა საკითხთან ერთად ამერიკელი ხალხი მალე გადაწყვეტს, რომელი საგარეო პოლიტიკური კურსია მისთვის უფრო მისაღები.

კომენტარები