ჟურნალისტებზე ძალადობა

"არ გესმით, რომ პოლიტიკაში არ უნდა [იყოთ]" – პაპუაშვილი კრიტიკული მედიის კითხვებს არ პასუხობს

"არ გესმით, რომ პოლიტიკაში არ უნდა [იყოთ]". – ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი კრიტიკული მედიის კითხვებს არ პასუხობს. 

"მანამ, სანამ თქვენი ტელევიზიების მენეჯერები დაკავებულები არიან ადამიანის გარდაცვალებაზე პოლიტიკური დივიდენტების... მანამ, სანამ თქვენი ტელევიზიის მენეჯერები დაკავებულები არიან... დიახ, ეს საზეპიროა, რადგან თქვენ არ გესმით, რომ პოლიტიკაში არ უნდა [იყოთ]". – უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში.  

გუშინ, 17 ივლისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ღონისძიებაზე არ მიიწვია და გადაწყვეტილება იმით ახნა, რომ მათ "გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი". ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში - მისი თქმით, მომხდარით იმედგაცრუებულია. მედიაკოალიციის შეფასებით კი პრემიერმინისტრის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს.

დღეს, 18 ივლისს საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. შენობაში "პროვოკაციების პრევენციის მიზნით" დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედეს. პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილები, მათ შორის, მედიის წარმოამდგენლები იკრიბებიან. 

ვახო სანაიას თქმით, გომელაურს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები პარლამენტში დახვდებიან. 

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა, მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია". – თქვა ვახო სანაიამ. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

კომენტარები