ჟურნალისტებზე ძალადობა

მედიაკოალიცია: მედიაზე პრემიერის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ძალადობას ახალისებს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"შეშფოთებას გამოვთქვამთ პრემიერმინისტრის მიერ მთავარი არხის, ტვ პირველის და ფორმულას დისკრედიტაციის გამო". - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ეხმაურება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, დღეს, 17 ივლისს, არ მიეწვია კრიტიკული მედია დაგეგმილ ღონისძიებაზე.

"დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას ძალადობრივi ჯგუფის წევრები ალტ-ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2021 წლის 5 - 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10-ზე მეტი მედიის 53 წარმომადგენელი. სამსახურებრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა. 

კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის უფლებას, განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, ინფორმაცია მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან, პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს დამატებით ძალადობას, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს". - წერია განცხადებაში. 

მედიაკოალიცია მოუწოდებს პრემიერმინისტრს:

  • მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს:
 

  • დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა და შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, ადგილზე მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და POSTV-ს წარმომადგენლები იყვნენ.

ტაბულა მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა კითხვით, თუ რატომ არ მიიწვიეს ტელევიზიები ღონისძიებაზე. უწყების განმარტებით,  აღნიშნულ ტელევიზიებს "არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან".

"პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის,  რომ მთავარმა არხმა, TV პირველმა და ფორმულამ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერმინისტრის წინააღმდეგ. 

შესაბამისად, ამ მიზეზით  დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე".- აცხადებს მთავრობის პრესსამსახური. 

აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, დღეს, 17 ივლისს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ".  მან მედიის პროტესტი  კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია

კომენტარები