ჟურნალისტებზე ძალადობა

დეგნანი: იმედგაცრუებული ვარ, თუ ზოგიერთი მედია არ მიიწვიეს

კელი დეგნანი/ირაკლი ღარიბაშვილი

აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, მედიათავისუფლება ყველა პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მედიაზე უნდა ვრცელდებოდეს. დეგნანის კომენტარი დაკავშირებულია პრემიერმინისტრის ღონისძიებასთან, რომელზეც მთავარი არხი, ფორმულა, TV პირველი და ტვ კავკასია არ მიიწვიეს. 

"მედიათავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ვრცელდება ყველა პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მედიაზე. ასე ხდება საზოგადოების სრული ინფორმირება, რათა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. საზოგადოებას უნდა შეეძლოს, მოუსმინოს ყველა პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მედიას. იმედგაცრუებული ვარ, თუ ზოგიერთი მედია არ მიიწვიეს [პრესკონფერენციაზე]. – თქვა კელი დეგნანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა და შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, ადგილზე მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და POSTV-ს წარმომადგენლები იყვნენ.

ტაბულა მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა კითხვით, თუ რატომ არ მიიწვიეს ტელევიზიები ღონისძიებაზე. უწყების განმარტებით,  აღნიშნულ ტელევიზიებს "არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან".

"პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის,  რომ მთავარმა არხმა, TV პირველმა და ფორმულამ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერმინისტრის წინააღმდეგ. 

შესაბამისად, ამ მიზეზით  დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე".- აცხადებს მთავრობის პრესსამსახური. 

აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, დღეს, 17 ივლისს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ".  მან მედიის პროტესტი  კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია

კომენტარები