მე-10 მოწვევის პარლამენტი

პარლამენტი: პროვოკაციების პრევენციის მიზნით, შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

მათივე ცნობით, მედიის წარმომადგენლების დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

"18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა". – წერია განცხადებაში. 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. მინისტრთან კითხვები 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ.

რიგგარეშე სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები