ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: მომავალ კვირაში Pfizer-ით აცრის ასაკი 16 წლამდე დაიწევს

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალ კვირაში, მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, Pfizer-ით აცრის ასაკი 16 წლამდე დაიწევს.

"ასაკი დაიწევა Pfizer-ზე, როგორც არის ინსტრუქციით 16 წლის ზემოთ, ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და მეორე პარტია რომ შემოვა Pfizer-ის ქვეყანაში, იქ უკვე იქნება 16 წლის ზემოთ, ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზები საქართველოშია, ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია დღეს, 15:00-დან დაიწყება. Pfizer-ით აცრა კი 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ით სრულად აცრისთვის საჭიროა ორი დოზის გაკეთება 21-28 დღის ინტერვალით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Pfizer-ით ცრას მოქალაქეები პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ Pfizer-ის მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე  Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში. ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა.

ამასთან ერთად, 2 ივლისს საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე აცრაზე რეგისტრაციის 3 გზა არსებობს: ელექტრონული გზით რეგისტრაცია, ცხელ ხაზზე რეგისტრაცია და პირდაპირ კლინიკაში რეგისტრაცია.  

კომენტარები