ოპერატორის გარდაცვალება

სახ.დეპი: სანქციები იარაღია, დაწესებამდე არ ვაცხადებთ, ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით

ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე ისაუბრა. პრესსპიკერს შეკითხვები ჟურნალისტმა დემნა დევდარიანმა დაუსვა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელი იყო თუ არა ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესება, ნედ პრაისი პასუხობს, რომ სანქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებამდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე. სანქციები ერთ-ერთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებს დაწესებამდე არ ვაცხადებთ, მაგრამ ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით." – თქვა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მწუხარება გამოთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აუცილებელია დამნაშავეების გამოაშკარავება და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

"თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის საიმედოობა მოითხოვს, რომ თითოეული პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს 5-6 ივნისს ან ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული." –თქვა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს ლიდერებს ადამიანის კონსტიტუციური უფლებების, ჟურნალისტებისა და პრესის თავისუფლების დაცვის პასუხისმგებლობას ახსენებს. 

"ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და მათ სამართალდამცველებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციურ უფლებები, შევახსენებთ პასუხისმგებლობას, დაიცვან ჟურნალისტები, პრესის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა ქართველს, ქართველ თანამდებობის პირს, საჯაროდ დაგმონ ამ სახის ძალადობა, რომლის ადგილიც არ არის დემოკრატიაში. 

ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ამაყად ვმუშაობთ ლგბტქ+ უფლებებისთვის, რათა ლგბტქ+ ადამიანები დაცული იყვნენ ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან. ჩვენ ვისწრაფვით, გავაძლიეროთ ადგილობრივი ლგბტ+ მოძრაობები. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ+ თემზე და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უხეშ ძალადობას გარდაცვლილ ჟურნალისტზე.

რაც შეეხება პრემიერმინისტრს და მის მომავალს, ეს, რა თქმა უნდა, არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. 11 ივლსს ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვეს.

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები