ალექსეი ნავალნი

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა მცირდება

ალექსეი ნავალნი
CNN

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა მცირდება. მოსახლეობის უმეტესობა ან ემხრობა, ან ნეიტრალურადაა განწყობილი კრემლის გადაწყვეტილების მიმართ, ექსტრემისტულად გამოცხადდეს ნავალნის პოლიტიკური მოძრაობა.

ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 14% ნავალნის მხარს უჭერს. გასულ წერს ნავალნის მოსახლეობის 20% უჭერდა მხარს, 2021 წლის დასაწყისში კი – 19%.

62% ამბობს, რომ ნავალნის საქმიანობას მხარს არ უჭერს, ეს მონაცემები 2020 წლის სექტემბერთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი. გამოკითხულთა მეოთხედი ან ნეიტრალურად იყო განწყობილი, ან კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა.

ლევადა ცენტრმა რესპონდენტებს ნავალნის პოლიტიკური მოძრაობის ექსტრემისტულად გამოცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები. 32% ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, 27% მხარს არ უჭერს, ხოლო 41% ნეიტრალურად არის განწყობილი ან პასუხი არ აქვს.

რესპონდენტების ქვეჯგუფებში დანაწილების შემდეგ, ჩანს, რომ ნავალნის საწინააღმდეგო განწყობა უფრო ძლიერია ასაკით უფროს მოსახლეობას შორის, ასევე ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერებს შორის.

40-45 წლის ასაკობრივ ჯგუფში ნავალნის ორგანიზაციის ექსტრემისტულად გამოცხადებას 32% ემხრობა, 55-წელს ზევით - 45%. საპირისპიროდ, 18-24 წლის ასაკობრივ ჯფუფში ნავალნის ორგანიზაცის ექსტრემისტულად გამოცხადებას 33% ეწინააღმდეგება, 25-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი - 32%.

პუტინის მხარდამჭერებს შორის ორგანიზაციის ექსტრემისტულად გამოცხადებას 40% ემხრობა და 20% ეწინააღმდეგება. საპირისპიროდ, იმ რესპოდენტებს შორის, ვინც პუტინს მხარს არ უჭერს, ნავალნის ორგანიზაციის ექსტრემისტულად გამოცხადებას 42% ეწინააღმდეგება, გადაწყვეტილებას კი მხარს 16% უჭერს.

ლევადა ცენტრმა 1 630 რესპოდენტი რუსეთის 137 ქალაქში 24-30 ივნისის შუალედში გამოჰკითხა.


მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სტრუქტურები ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ეს სტატუსი მიენიჭა კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს და პოლიტიკოსის რეგიონულ შტაბებს. ორგანიზაციებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, აქციების ორგანიზება და არჩევნებში მონაწილეობა.

სასამართლოს მიერ ნავალნის ორგანიზაციების ექტრემისტულად გამოცხადებამდე, 30 აპრილს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ ნავალნის რეგიონული ოფისების ქსელი "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მოსკოვის პროკურორებმა კი განაჩენის გამოტანამდე ორგანიზაციის ანგარიშები გაყინეს. სასამართლო პროცესის პარალელურად ნავალნის რეგიონული კამპანიის ოფისების ქსელი დაიშალა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ფონდის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. ფონდმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელმაც YouTube-ზე ამ დროისთვის 115 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.


ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში ჩასვლისთანავე დააკავეს. ნავალნი გერმანიაში ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები