პრაიდის კვირეული

SJC: მთავრობის პოპულიზმი პრაიდთან დაკავშირებით ანტიკონსტიტუციური და ანტისოციალურია

ტაბულა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) პუტინისტური ჯგუფების აქციას ეხმაურება და მთავრობას უსაფრთხოების, სოციალური მშვიდობის დაცვისა და კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადების მიხედვით, რუსთაველის გამზირზე გუშინ და დღეს პოლიციის მუშაობის დაკვირვება აჩვენებს, რომ ადგილზე მობილიზებული არ არის პოლიციის საკმარისი ძალები და შსს-ს არ მიუღია ზომები კონკრეტული ლოკაციების გამოყოფის, დაცვისა და აქციისა და ძალადობრივი ჯგუფების  მონაწილეების დაშორიშორების მიზნით.  

"შსს-ს მიერ გამოყენებული უსაფრთხოების სტრატეგია, განსაკუთრებით კი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვის რეალური ინტერესი არ ჰქონია და სწორედ ამ მიზნით დაუშვა კონტრ-აქციის მონაწილეების ქაოტური და მასობრივი მობილიზაცია რუსთაველის გამზირზე და მიმდინარე ქუჩებზე". – წერს SJC. 

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელი იყო და ის ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებსა და ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. 

"პრემიერმინისტრმა ტრადიციების და უმრავლესობის სახელით კონკრეტული ჯგუფების უფლებების უგულებელყოფა დაუშვა და გაამართლა. ის კვლავ შეეცადა ლგბტ საკითხების უპასუხისმგებლო, პოლიტიკურ გამოყენებას და პოლიტიკური პოლარიზების პროცესში ადამიანის უფლებების საკითხების ჩართვას. ღარიბაშვილს ერთი მოწოდებაც კი არ გაუკეთებია მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ და შიშველ და ანტისოციალურ პოპულიზმს მიმართა, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა მისი მართვის არადემოკრატიული და კონფლიქტების შექმნაზე და ინსტრუმენტალიზებაზე მიმართული ლოგიკა.

ჩვენი აზრით, ხელისუფლება სოციალური კონფლიქტების ხელოვნური შექმნით, დაშვებითა და მათი ინსტრუმენტალიზებით ცდილობს, გადაფაროს ჩვენს ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური და პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლება, რომელიც ვერ პასუხობს ჩვენს სიღარიბეს, ეკონომიკურ უთანასწორობას, ჯანდაცვის სისტემის კრიზისს და სრულად უუნაროა გამოვიდეს ამ კრიზისიდან, დღეს იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობს თითქოსდა ხალხზე ორიენტირებული სახე-ხატის შექმნას.

ხელისუფლებები ჩვენს რეალობაში ისტორიულად ქმნიან სხვადასხვა “განტევების ვაცს”, რომელზეც ის მიმართავს ჩვენი ხალხის სოციალურ უიმედობას, ფრუსტრაციას და ბრაზს და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სტატუს ქვო უცვლელი რჩება. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ არსებული პოლიტიკური ელიტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მუდმივად გადაიფაროს რეალური კონფლიქტის მიზეზები ჩვენს რეალობაში და ამ მცდელობებში ხალხი პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა ვერც უსაფრთხოების გარანტიების შექმნა ლგბტქი ადამიანების შეკრებებისთვის და ვერც გრძელვადიანი საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული პოლიტიკის გატარება, რომელიც ჰომოფობიის პრობლემას სისტემურად უპასუხებდა და ტრანსფორმაციული იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება ჰომოფობიის პოლიტიკურ გამოყენებას ცდილობდა, უკვე ბოლო წლებში ლგბტი უფლებების არაღიარების და გაჩუმების სტრატეგიას იყენებს.

"ხელისუფლებას არ აქვს ძალადობრივი რადიკალიზაციის გამკლავებისკენ მიმართული პოლიტიკა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მუდმივად იწყნარებს და ზოგჯერ პოლიტიკურად იყენებს კიდეც. აღნიშნული ჯგუფების მხრიდან არაერთხელ განხორციელდა საჯარო მუქარა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება, თუმცა არცერთ შემთხვევაში მას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაუშვა ამ ჯგუფების ფორმალურ პოლიტიკურ და მედია ველში შემოსვლა.

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ 2013 წლის 17 მაისის უმძიმესი გამოცდილების შემდეგ, სადაც სინოდის წევრების მონაწილეობით და წინამძღოლობით ჩატარებულმა აქციამ კოლექტიური და მასობრივი ძალადობის ფორმა მიიღო, საპატრიარქო კვლავ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით დგას და რეალურად ახალისებს სოციალური მშვიდობისა და ადამიანის პატივისცემის წინააღმდეგ მიმართულ პრაქტიკებს. საპატრიარქო, რომელიც შიდა კრიზისებშია მოქცეული და სწორედ სექსუალური სკანდალები ხდება შიდა განხეთქილების მიზეზი, ამ კრიზისების გააზრების ნაცვლად, კვლავ მრევლის ინსტრუმენტალიზებას ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ იზიარებს თბილისი პრაიდის აქტივისტურ სტრატეგიას და მიაჩნია, რომ ჰომოფობიის დაძლევა ტრანსფორმაციული მცდელობებით და ლგბტქი ადამიანების რეალურ საჭიროებებზე და დემოკრატიულ თვითორგანიზებაზე დაფუძნებული აქტივისტური დღის წესრიგებით არის მიღწევადი, ვწუხვართ, რომ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ამ მასშტაბის სოციალური წნეხის და პოლიტიკური არაღიარების გამოცდილების მიღება უწევთ. ეს რეალობა ორმაგად რთულია ლგბტქი თემის წევრებისთვის, რომლებიც ყოველდღიური ძალადობის, დისკრიმინაციის, სიღარიბის, უსახლკარობის, ოჯახებიდან განდევნის რეალობაში ცხოვრობენ და 2011 წლის შემდეგ პოლიტიკური არაღიარების და ინსტრუმენტალიზების მსხვერპლები არიან". – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • მიიღოს ეფექტიანი და დროული ზომები რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების რეალური უზრუნველყოფისთვის;
  • მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ზომები დღეს და მომავალ პერიოდში ჰომო/ბი/ტრანსფობიული დანაშაულების აღკვეთის მიზნით;
  • მაქსიმალურად სცეს პატივი და დაიცვას ღირსების მარშის შეკრების თავისუფლება.

საქართველოს მთავრობას:

  • საკუთარი განცხადებები მოიყვანოს შესაბამისობაში კონსტიტუციურ ლოგიკასთან და არ დაუშვას ადამიანის უფლებათა საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება;
  • შეიმუშავოს გრძელვადიანი პოლიტიკა ჰომოფობიის დაძლევისა და საზოგადოებრივი წინასწარგანწყობების ტრანსფორმაციის მიზნით.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ, მისი აზრით, ღირსების მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. 

რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშის მოწინააღმდეგე პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემესსირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ.

კომენტარები