ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: საიტის გარდა, მოქალაქეებს შეეძლებათ, კლინიკებში დარეკონ და აცრის რიგი დაჯავშნონ

ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაციის პორტალის გარდა, მოქალაქეებს კლინიკებში დარეკვა და რიგის დაჯავშნა შეეძლებათ. მისივე თქმით, საიტზე ხარვეზის გამოსწორებისთვის მუშაობა 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

"არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი". –ამბობს თამარ გაბუნია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, თუ როდის შეძლებს საიტი გამართულად მუშაობას. 

ვაქცინაციის საიტი Booking.moh.gov.ge, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო, ჩაირთო, თუმცა დარეგისტრირებას ვერ შეძლებთ. 

ვაქცინაციის საიტის გათიშვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს.


2 ივლისს, საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა და, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სინოფარმის I დოზაზე რეგისტრაცია შაბათს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან, უნდა დაწყებულიყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ პორტალზე, თუმცა მოსახლეობა კვლავ ვერ ახერხებს სინოფარმზე რეგისტრაციას საიტზე არსებული შეფერხების გამო. 

მსგავსი პრობლემა აცრის მსურველებს ადრეც შეექმნათ. 12 მაისის 20:00-დან რეგისტრაცია სინოფარმის მეორე დოზაზე უნდა დაწყებულიყო. იმ დროს ასევე გაიხსნა ასტრაზენეკა 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ ტექნიკური ხარვეზის გამო.

საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა. სრულად 3%-ც არ არის აცრილი.

 

კომენტარები