ვაქცინაცია საქართველოში

სინოფარმის I დოზაზე რეგისტრაცია 3 ივლისს განახლდება, აცრები – 5 ივლისიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სინოფარმის I დოზაზე რეგისტრაცია დაიწყება შაბათს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან.

"ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22" - აცხადებს NCDC.

რაც შეეხება სინოფარმით ვაქცინაციის პროცესს, ის 5 ივლისიდან დაიწყება.

500 000 დოზა სინოფარმი და 500 000 დოზა სინოვაკი უკვე საქართველოშია. საქართველოს პრემიერის თქმით, ამის გარდა, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის კიდევ მილიონი დოზა შემოვა.

"ალბათ ერთ თვეში, უახლოეს რამდენიმე კვირაში, კიდევ ნახევარი მილიონი დოზა სინოფარმი, ნახევარი მილიონი - სინოვაკი ანუ, ჯამში, ორი მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი" - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილისავე თქმით, ივლისიდან, ფაიზერიც "ეტაპობრივად დაიწყებს" მილიონი დოზის მოწოდებას.

"წლის ბოლომდე ოთხ მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი წლის ბოლომდე" - განაცხადა პრემიერმა.

საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა. სრულად 3%-იც არ არის აცრილი.

კომენტარები