ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია ვაქცინაციის საიტზე: აღდგენითი სამუშაოები მიდის, რთულია ზუსტი ვადების დასახელება

ვაქცინაციის საიტი Booking.moh.gov.ge, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო, კვლავ გამორთულია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვერ ასახელებს, თუ რამდენი დრო დასჭირდება საიტის აღდგენას. მისი თქმით, დაზიანება მეტად კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ჩანდა. 

"24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე ჯერჯერობით ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას. გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა, იმისთვის რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდანვე შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება". – ამბობს თამარ გაბუნია. 

რაც შეეხება კიბერთავდასხმას, გაბუნია ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

ვაქცინაციის საიტის გათიშვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს.

2 ივლისს, საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა და, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სინოფარმის I დოზაზე რეგისტრაცია შაბათს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან, უნდა დაწყებულიყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ პორტალზე, თუმცა მოსახლეობა კვლავ ვერ ახერხებს სინოფარმზე რეგისტრაციას საიტზე არსებული შეფერხების გამო. 

მსგავსი პრობლემა აცრის მსურველებს ადრეც შეექმნათ. 12 მაისის 20:00-დან რეგისტრაცია სინოფარმის მეორე დოზაზე უნდა დაწყებულიყო. იმ დროს ასევე გაიხსნა ასტრაზენეკა 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ ტექნიკური ხარვეზის გამო.

საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა. სრულად 3%-ც არ არის აცრილი.

 

კომენტარები