ვაქცინაცია საქართველოში

"მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა" – გაბუნია ვაქცინაციის საიტის შეფერხებაზე

IPN-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სინოფარმის ვაქცინაზე რეგისტრაციის შეფერხების მიზეზი მასობრივი კიბერშეტევაა.

"გვქონდა მოლოდინი, რომ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყებოდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა და ვერ მოხერხდა საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუშაობს ტექნიკური ჯგუფიც, რათა დროულად მოხდეს შეფერხების აღმოფხვრა. ვფიქრობ, რამდენიმე საათში დავუბრუნდებით სამუშაო რეჟიმს". - ამბობს თამარ გაბუნია.

გუშინ, 2 ივლისს, საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა და, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სინოფარმის I დოზაზე რეგისტრაცია შაბათს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან, უნდა დაწყებულიყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ პორტალზე, თუმცა მოსახლეობა კვლავ ვერ ახერხებს სინოფარმზე რეგისტრაციას საიტზე არსებული შეფერხების გამო. 

მსგავსი პრობლემა აცრის მსურველებს ადრეც შეექმნათ. 12 მაისის 20:00-დან რეგისტრაცია სინოფარმის მეორე დოზაზე უნდა დაწყებულიყო. იმ დროს ასევე გაიხსნა ასტრაზენეკა 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ ტექნიკური ხარვეზის გამო.

საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა. სრულად 3%-ც არ არის აცრილი.

კომენტარები