დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აალებადი ბუშტების საპასუხოდ, ისრაელმა ჰამასის იარაღის საწარმო დაბომბა

ღაზის სექტორი, ისრაელის საჰაერო თავდასხმა, 2021 წლის 17 მაისი
The Times of Israel

ისრაელმა ღაზის სექტორიდან აალებადი ბუშტებით თავდასხმას ჰამასის იარაღის საწარმოს დაბომბვით უპასუხა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ჰამასის საწარმო პარასკევის დილის საათებში დაბომბეს. 

"დარტყმები განხორციელდა ხანძრის გამჩენი ბუშტებით ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის საპასუხოდ. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორიდან მომავალი ტერორის ნებისმიერ მცდელობას მკაცრად უპასუხებს". – ამბობენ ისრაელის არმიაში. 

აალებადი ბუშტები ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორკვირიანი პაუზის შემდეგ გაუშვეს, რამაც 4 ხანძარი გამოიწვია. 

მსგავსი მყისიერი საპასუხო თავდასხმები აჩვენებს ისრაელის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებას პატარა თავდასხმების წინააღმდეგაც კი.


10 მაისს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღეს გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ.

15 ივნისს იერუსალიმში ებრაელმა ნაციონალისტებმა დროშის მსვლელობა ჩაატარეს, რომელიც 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჰამასის სარაკეტო თავდასხმების გამო ვერ დასრულდა. ებრაელების იერუსალიმში მსვლელობას ღაზის სექტორიდან აალებადი აირით გაბერილი ბუშტების გამოშვება მოჰყვა, რამაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გააჩინა. ამ თავდასხმებს ისრაელის ახალმა მთავრობამ იერიშით უპასუხა.

კომენტარები