პრაიდის კვირეული

ზილფიმიანი პრაიდზე: ხანდახან არ არის აუცილებელი, ქვეყნის ნომერ პირველ ქუჩაზე გააკეთო

'არ არის ხანდახან აუცილებელი, ქვეყნის ნომერ პირველ ქუჩაზე გააკეთო". – ამბობს ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზილფიმიანი პრაიდის კვირეულზე საუბრისას. 

"ყველამ ყველაფერი უნდა ჩაატაროს. არ შეიძლება, ადამიანებს რაღაც აუკრძალო, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც ამას ეძლევა ისეთი სახე -  აი, თქვენ ჯინაზე მაინც გავაკეთებ. მერე ისინი ამბობენ - აი, თქვენ ჯინაზე მაინც... 

უბრალოდ არ არის ხანდახან აუცილებელი, რომ ეს გააკეთო ქვეყნის ნომერ პირველ ქუჩაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამით ეზრდება ჯაფა, რა თქმა უნდა, მან უნდა უზრუნველყოს დაცულობა". – ამბობს დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.

კომენტარები