ანაკლიის პორტი

ღარიბაშვილი: ჩვენს პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"ჩვენს პრიორიტეტად რჩება, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური". – განაცხადა ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

ღარიბაშვილის თქმით, პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში ხდება ეკონომიკის გაჯანსაღება და გრძელდება საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესი.

"წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია. ვითარდება სატრანზიტო ლოჯისტიკური პოტენციალი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება". – თქვა ღარიბაშვილმა

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2019 წელს შეჩერდა. საქართველოს მთავრობამ  ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყო, როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

ანაკლიის პროექტის გაჩერებასთან დაკავშირებით ამერიკელმა კონგრესმენებმა ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერეს, სადაც თქვეს, რომ საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზება.

კონგრესმენები გახარიას სწერენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ მასში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადებას ხელი შეუშალა.

2019 წელის 11 ივნისს საქართველოს იმჟამინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. პომპეომ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკასთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ ამოძრავებთ".

2019 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური პირი, მეთიუ ბრაიზა ანაკლიის პორტზე ამბობდა, რომ პორტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მაისში ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და აშშ-ს სახაზინო მდივანს, სტივენ მნუჩინს ბიძინა ივანიშვილზე, რუსეთსა და აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებზე წერილი მისწერეს. წერილში სენატორები ანაკლიიდან ამერიკული კომპანიის გაგდებაზეც საუბრობენ. ისინი წერენ, რომ ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი მიზნად ისახავდა რუსეთის პორტის ინფრასტრუქტურაზე საქართველოს დამოკიდებულების შემსუბუქებას. 

22 მაისს, კონგრესმენმა და აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერის მთავრობას მოუწოდარომ ანაკლიის პროექტში სწრაფად ჩართონ ამერიკული ინვესტიციები.

კომენტარები