ევროკავშირი-რუსეთი

გერმანიამ და საფრანგეთმა ევროკავშირის ლიდერებთან პუტინის შეხვედრის წინადადება წამოაყენეს

ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი პარიზში შეხვედრაზე. 2019 წელი.
Getty Images

საფრანგეთმა და გერმანიამ ევროკავშირის სამიტზე ვლადიმირ პუტინის მიწვევის წინადადება წამოაყენეს. თუ შეხვედრა შედგება, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინი პირველად დაესწრება ევროკავშირის სამიტს.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უარყოფით სპირალს, მაგრამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ" –  ახდენს  Reuters-ი ერთ-ერთი დიპლომატის ციტირებას.

დიპლომატის თქმით, ბალტიის ქვეყნები რუსეთს სიფრთხილით ეკიდებიან და, შესაძლოა, სამიტს არ დათანხმდნენ.

უცნობია, ინიციატივის ფარგლებში სამიტში ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერის მონაწილეობაა დაგეგმილი თუ შეხვედრას მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლეიენი და შარლ მიშელი დაესწრებიან. ამ ფორმატის სამიტები 2014 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა.

"გერმანიამ და საფრანგეთმა გარკვეული მოსაზრებები წამოაყენეს რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. მერკელმა აღნიშნა, რომ უმაღლეს დონეზე მხოლოდ აშშ არ უნდა ელაპარაკებოდეს რუსეთს და ჩინეთს. რუსეთი მეზობელია. ასეთი ფორმატი არსებობდა 2007 წელს ფინეთში." –უთხრა სამიტის მომზადებაში ჩართულმა პირმა Reuters-ს.

ევროპული კომისიის და ევროკავშირის მიერ ივნისში გამოქვეყნებული სტრატეგიაში ნათქვამია, რომ "ევროკავშირს და რუსეთს აქვთ ფუნდამენტური საერთო პასუხისმგებლობა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის".

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ხშირად ადანაშაულებს რუსეთს კიბერთავდასხმებში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ფარულ მოქმედებებში, რუსეთი ევროკავშირის სიდიდით მეხუთე სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირი კი რუსეთის ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციის წყაროა.

აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთს გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთს გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართეს. ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს. შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო კიბერუსაფრთხოებაადამიანის უფლებები და სტრატეგიული დიალოგის შესაძლებლობა.

კომენტარები