ევროპის ჩემპიონატი

UEFA-ს აკრძალვის საპასუხოდ, მიუნხენის მერია ქალაქს LGBT სიმბოლიკით დატვირთავს

Euro News

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მიუნხენში, ალიანს არენაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა გაიმართება. გერმანიის საფეხბურთო ნაკრები მანუელ ნოეიერის მეთაურობით, უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 

მიუნხენის საკრებულოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებული კანონის გასაპროტესტებლად სტადიონი LGBT დროშის ფერებში უნდა განათებულიყო. 

15 ივნისს უნგრეთის მთავრობამ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში არასრულწლოვანებში LGBT "პროპაგანდა" იკრძალება. გარდა ამისა, 2020 წლის დეკემბერში უნგრეთში მიიღეს კანონი, რომელიც LGBT თემის წევრებს შვილის აყვანის უფლებას უზღუდავს.

"ჩვენი ქალაქი მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, ტოლერანტობასა და ჭეშმარიტ თანასწორობას სპორტულ სამყაროში. გერმანია-უნგრეთის მატჩთან დაკავშირებით, გვსურს, რომ უნგრეთის LGBT თემს სოლიდარობის მესიჯი გაუგზავნოს, რომლებიც მთავრობის მიერ მიღებული კანონების გამო იტანჯებიან". – ეწერა მიუნხენის საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

იდეას წინ აღუდგა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორი UEFA (ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი) და ალიანს არენას ადმინისტრაციას სტადიონის განათება აუკრძალა. ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, მესიჯი პოლიტიკურია და უნგრეთის მთავრობის კრიტიკას ემსახურება, UEFA კი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას მხარს უჭერენ, მისი ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატზე პოლიტიკურ მესიჯები მიუღებელია. სანაცვლოდ ასოციაციამ მერიას 3-დან 9 ივლისის ჩათვლით, მიუნხენის პრაიდის კვირეულის ფარგლებში, LGBT განათების გამოყენება შესთავაზა.

მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა, UEFA-ს გადაწყვეტილებას სამარცხვინო, ხოლო მოგვიანებით სტადიონის განათების იდეას სასაცილო შეთავაზება უწოდა. რაიტერი საპასუხოდ სტადიონის გარე ტერიტორიისა, რომელიც UEFA-ს იურისდიქციაში არ შედის და ნაწილობრივ ქალაქის LGBT სიმბოლიკით დატვირთვას გეგმავს. 

მიუნხენის მერიას მხარი სხვა ქალაქების საფეხბურთო კლუბებმაც დაუჭირეს. ბუნდესლიგის კლუბები აინტრახტი და კოლონი სტადიონებს LGBT დროშის ფერებში გაანათებენ. ქვეყნის გარეთ ბაიერნის მშობლიურ ქალაქს მხარდაჭერა ასევე უდიდესმა კლუბებმა იუვენტუსმა და ბარსელონამ გამოუცხადეს. 

რამდენიმე კვირის წინ UEFA-მ ასევე აუკრძალა უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს ფორმაზე ფრაზის Героям слава!(დიდება გმირებს!) დატანება, მიზეზი ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება გახდა.

კომენტარები