ევროპის ჩემპიონატი

პრეზიდენტი ფეხბურთელებს და GFF-ს წარმომადგენლებს სახალხო ზეიმზე დააჯილდოებს - ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

"სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის" - აცხადებს ადმინისტრაცია.

მთავრობის ინიციატივით დღეს, 2 ივლისს გაიმართება ღონისძიება, "სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს".

"21:00 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ.

22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.  ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიიდან დღეს, 2 ივლისის დილით დაბრუნდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, თუმცა, ფეხბურთელების ნახვა ვერ შეძლეს. 


პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს 27 მარტს გაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან:

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა - გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია;

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები - ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ფაბიენ ბოსუე, დევით ვები;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი - დავით მუჯირი;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - ნიკოლოზ ჟღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი - ზაზა ზამთარაძე;

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი - გიორგი კაციტაძე; ვლადიმერ დვალიშვილი, დავით ხარაბაძე, გიორგი ჩანგელია, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბიანი, გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების აქტი 23 მაისს გამოსცა.

კომენტარები