პრაიდის კვირეული

მეუფე სტეფანე პრაიდზე: სულიწმინდის მადლით ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ღირსების მარშის ჩაშლისთვის ილოცებს. 

"მე არ ვაპირებ ჩაშლას, მე უბრალოდ სიტყვით ვამბობ, სულიწმინდის მადლით ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ" [თბილისი პრაიდი] იმიტომ, რომ სულიწმინდის გმობა არის ეს მოქმედება. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ. ვამბობ, რომ არ არის მიზანშეწონილი, ამის პროპაგანდა ხდებოდეს. მე არ მითქვამს, რომ გადავავსებ რუსთაველს, მე სულიწმინდის მადლით ავავსებ რუსთაველს". – ამბობს მიტროპოლიტი IPN-ს ცნობით. 

მისივე თქმით, საწინააღმდეგო აქციაზე ის შეიძლება არ მივიდეს, მაგრამ სხვები მივლენ და მათი მხრიდან ძალადობა არ იქნება. 

"მე შეიძლება პირადად არ მივიდე, მაგრამ სხვა ადამიანები რომ იქ მივლენ, ამაში გეპარებათ ეჭვი? ჩემი მოწოდება რა შუაშია, მე რომ საერთოდ ხმა არ ამოვიღო, თქვენ გგონიათ, საქართველოში ხალხი გაწყდა და ვეღარ აზროვნებს? მე მოვუწოდებ ყველას, რომ მიუღებლად მიიჩნიონ პროპაგანდა სოდომური ცოდვის. საპატრიარქოს მე არ ვახმოვანებ. მე მირჩევნია, ციხეში წავიდე, ვიდრე დღეს ვიდგე და თქვენს გვერდით "გავაპრავო" სოდომური ცოდვა. თუ დღეს ამის გამო ფასია, რომ ციხეში უნდა წახვიდე, მე წავალ". – ამბობს მეუფე სტეფანე. 


Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის ცნობით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ინფორმაციის გავრცელებისთანავე პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ Tbilisi Pride-ს ღონისძიების გასაუქმებლად 10-დღიანი ულტიმატუმი წარუდგინა

18 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "კონტექსტის" გათვალისწინებით, ორგანიზაციას ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვას. ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ კი 18 ივნისს თქვა, რომ LGBTQ საზოგადოება ხმამაღლა გამოხატვაზე "საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ".

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი განცხადებები დაგმეს და აღნიშნეს, რომ მმართველოი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. 

კომენტარები