ჩანაწერები

POG: ბერას, ჩუბინიძეს და ღარიბაშვილს 2011 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე უკანონოდ უსმენდნენ

პროკურატურა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. განცხადების მიხედვით, ბერა ივანიშვილზე, ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილზე 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა.

"ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან  2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.  კერძოდ,  მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე.

პროკურატურის ცნობით, მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ღარიბაშვილს და ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ, ხოლო ფარული მიყურადების საქმის მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები.

"ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე მსჯავრდებულ პირთა ძებნის ფაქტებზე". – წერია განცხადებაში

პროკურატურის თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მიყურადება მიმდინარეობდა ასეულობით პირის მიმართ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, ქართული ოცნების წევრების, მედიასაშუალებების ხელმძღვანელების და ჟურნალისტების  კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე.
 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ. 

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. გუშინ, 11 მარტს, სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ 9 მარტს ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში ბერა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა და, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის ავთენტურია.   

კომენტარები