შარლ მიშელის შეთანხმება

ბოკუჩავა: ამნისტიის მიღების შემდეგ ენმ შეძლებს მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში თქვა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა შეძლებს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს.

"მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მიიღებს ამნისტიის ამ მავნებლურ კანონს, რომელსაც, მათ შორის ხელმომწერი პარტიებიც არ ეთანხმებიან და ეს გამოჩნდა კენჭისყრაშიც, რომელშიც ჩადებულია თანხმობის ე.წ მექანიზმი და პირდაპირ ნიკა მელიას ეხება და, რომელზეც არ არსებობდა არანაირი შეთანხმება მოლაპარაკებების დროს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა შეძლებს, შეუერთდეს ამ დოკუმენტის სულისკვეთებას, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებას, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას". - ამბობს თინა ბოკუჩავა 

30 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რის მიზეზადაც ამნისტიის კანონპროექტი დაასახელა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა,

ამასთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ახალი ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.

კომენტარები