ნამახვანჰესი

თურქეთის ელჩი ნამახვანზე: ვიმედოვნებთ, საქართველოში თურქული ინვესტიციები დაცული იქნება

ანადოლუ

"რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში თურქული ინვესტიციები იქნება დაცული ისევე, როგორც საქართველოს სურს, რომ ქართული ინვესტიციები დაცული იყოს თურქეთში". – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა, ფორბსთან ინტერვიუში ისაუბრა.

თურქეთის ელჩის თანახმად, ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენები თურქი ინვესტორების განწყობაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გადაწყდება ნამახვანჰესის საკითხი.

"ვერ ვიტყვი, რომ გავლენას ახდენს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გავლენას ახდენდეს, ეს არ არის მხოლოდ თურქული ინვესტიცია, ეს, ზოგადად, ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩარჩოა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან, ასე რომ, რაც უფრო მეტად სურთ ცალკეულ წრეებს ამ პროექტით მანიპულირება და მისი გამოყენება, რათა ქართულ-თურქული ურთიერთობების საბოტაჟი გამოიწვიონ, ვფიქრობ, ამას ისინი ვერ მოახერხებენ, მათ ეს ვერ უნდა შეძლონ.

მაშინ, როდესაც ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, სხვა თურქი ინვესტორები მაინც ჩამოდიან, ესაუბრებიან მთავრობას, პარტნიორებს, ცხოვრება გრძელდება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგვარდება ნამახვანჰესის კონფლიქტი. ძალიან ნათლად ვამბობ, რომ ეს პროექტი არის საქართველოსთვის და საქართველოს მიერ". – თქვა თურქეთის ელჩმა.

ელჩის აზრით, რელიგიური თუ ნაციონალისტური მოტივებით კომპანია ENKA-ს მიზანში ამოღება, სინამდვილეში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიზანში ამოღებას ნიშნავს.

"კომპანია, რომელიც არის თურქი ინვესტორი, დაფუძნებულია საქართველოში, აქაური კანონმდებლობით და ის ასაქმებს უამრავ ქართველს. უნდა იყოს დიალოგი ადამიანებთან, რომელთაც ეს საკითხი აწუხებთ, საქართველოს მთავრობას და კომპანიას შორის. კომპანიის მიზანში ამოღება Fake-ნიუსების, მითქმა-მოთქმების საფუძველზე და იმ ქართველების დაშინების მცდელობა, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და ეს ყველაფერი იმაზე ფიქრით, რომ ეს არის რელიგიური, ნაციონალისტური, არ მოდის ქართველი ხალხისგან, სამიზნე, ერთი შეხედვით, ჩანს, რომ არის კომპანია, თუმცა, სინამდვილეში სამიზნე არის ენერგოუსაფრთხოება.

ყოველთვის ყველას ვახსენებ, რომ როდესაც 2008 წელს ომი მოხდა საქართველოში, არცერთი თურქი ინვესტორი არ წასულა, რადგან თურქული ბიზნესების უმრავლესობა მდგრადია და მათ სჯერათ საქართველოს მდგრადობისაც, არ ვფიქრობ, რომ ახლა თურქ ინვესტორებს შეეშინდებათ, ისინი აქ 1990-იან წლებში ჩამოვიდნენ, ახლაც აქ არიან და თავს აქაური საზოგადოების წევრებად მიიჩნევენ". – თქვა ფატმა ჯერენ იაზგანმა.


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისშიც.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

2 ივნისს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა იმ კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა არის შეფასებული.

12 ივნისს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის, დირკ ბუშლეს ჩართულობით გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების შორის. ბუშლეს თქმით, შეხვედრის დროს 3 ძირითადი საკითხი გამოიკვეთა: 1) არსებობის შემთხვევაში, პროექტის რისკების გამოვლენა და მათი პრევენცია 2) რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა 3) საქართველოს სამომავლო ენერგოუსაფრთხოების დოკუმენტის შემუშავება. 

კომენტარები