ევროპის ჩემპიონატი

UEFA-მ უკრაინას ფორმიდან სლოგანის "გმირებს დიდება" მოშორება მოსთხოვა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა უკრაინის ნაკრებს მოსთხოვა, რომ ფორმიდან სლოგანი "გმირებს დიდება" მოეშორებინათ. რუსეთის მხრიდან პრეტენზიის მიუხედავად, UEFA-ს არ ითხოვს, ნაკრების ფორმიდან რუკის გამოსახულების მოშორებას, თუმცა კავშირი მიიჩნევს, რომ ფრაზა "დიდება გმირებს" პოლიტიკურია და მილიტარისტულ ასოციაციებს აჩენს.

უკრაინის ახალ ფორმაზე, რომლითაც უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გადის, უკრაინის რუკაა გამოსახული, რომელზეც უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი, რუკაზე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონები უკრაინის საზღვრებს შიგნით არის მოქცეული. გარდა ამისა, ფორმას ზურგზე აწერია "დიდება უკრაინას!", ხოლო მაისურის შიგნით - "გმირებს დიდება". ეს ორმაგი ლოზუნგი აქტიურად გამოიყენებოდა 2014 წელს მაიდონის დროს.

UEFA-მ პოლიტიკურად მხოლოდ ფრაზა "დიდება გმირებს" მიიჩნია, რომელიც მაისურის ჩაცმის შემდეგ არ ჩანს. სამი დღის წინ UEFA აცხადებდა, რომ უკრაინული ფორმა რეგლამენტს არ არღვევს.

უკრაინას UEFA-ში რუსეთმა უჩივლა. რუსული მხარის თანახმად, ფორმაზე გამოსახულებები "პოლიტიკური მოტივისაა, რომელიც ეწინააღმდეგება UEFA-ს ძირითად პრინციპებს". რუსეთის გაღიზიანება ფორმაზე ანექსირებული ყირიმისა და სეპარატისტული რეგიონების უკრაინის საზღვრებს შიგნით მოქცევამ გამოიწვია.

კომენტარები