ალექსეი ნავალნი

ნავალნი: როცა კორუფცია ხელისუფლების საფუძველშია, კორუფციასთან ბრძოლა ექსტრემიზმია

ალექსეი ნავალნი
ABC News

"როცა კორუფცია ხელისუფლების საფუძველია, კორუფციასთან მებრძოლები ექსტრემისტები არიან" – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მისი ორგანიზაციების ქსელის, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდისა და რეგიონული შტაბების ექსტრემისტულად გამოცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"არც კი ვაპირებ იმ დაცინვის იურიდიული მხარის განხილვას, რასაც რუსეთში "სასამართლო" ჰქვია. იმის თქმაც საკმარისია, რომ ყველა საქმის მასალები სახელმწიფო საიდუმლოებად იყო გამოცხადებული. პროცესი დახურული იყო. მე თვითონ მასში არათუ არ ვმონაწილეობდი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ვითხოვდით, არც კი მიმიწვიეს. რა საჭიროა ნავალნის მიწვევა? განიხილება მხოლოდ და მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომლის დამფუძნებელიცაა ა. ნავალნი და კიდევ წერია "ნავალნის შტაბები". რა კავშირი აქვს მას ამ საქმესთან, რატომ უნდა გამოვიდეს ამ სასამართლოზე?" – წერს ნავალნი.

ნავალნიმ მხარდამჭერებს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებში ყველას მიეღო მონაწილეობა ჭკვიან კენჭისყრაში.

"ახლა ყველაფერში გავერკვევით, შევიცვლებით, ევოლუციას გავივლით, მოვერგებით, მაგრამ ჩვენს მიზნებსა და იდეებზე უარს არ ვიტყვით. ეს ჩვენი ქვეყანაა და სხვა არ გვაქვს". – ამბობს პოლიტიკოსი.

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სტრუქტურები ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ეს სტატუსი მიენიჭა კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს და პოლიტიკოსის რეგიონულ შტაბებს. ორგანიზაციებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, აქციების ორგანიზება და არჩევნებში მონაწილეობა.

სასამართლო პროცესი 12 საათი გრძელდებოდა, გადაწყვეტილება 20 წუთში მიიღეს.

4 ივნისს რუსეთში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც "ექსტრემისტული ორგანიზაციების" წევრებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. კანონპროექტის ფარგლებში არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ მათ, ვინც მუშაობდა, "ექსტრემისტულ ორგანიზაციაში" ან ფულს სწირავდა მათ.  ორგანიზაციის ხელმძღვანელებს არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით ექნებათ აკრძალული, თანამშრომლებს კი - სამით. კრემლის კრიტიკოსების აზრით, კანონის მიღება წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ხმის ჩახშობას ემსახურება.


სასამართლოს მიერ ნავალნის ორგანიზაციების ექტრემისტულად გამოცხადებამდე, 30 აპრილს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ ნავალნის რეგიონული ოფისების ქსელი "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მოსკოვის პროკურორებმა კი განაჩენის გამოტანამდე ორგანიზაციის ანგარიშები გაყინეს. სასამართლო პროცესის პარალელურად ნავალნის რეგიონული კამპანიის ოფისების ქსელი დაიშალა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ფონდის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. ფონდმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელმაც YouTube-ზე ამ დროისთვის 115 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები