ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

WB

მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3%-ის მაგივრად, 6%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 და 2023 წლებში - 5%-ით.

სავარაუდოდ, პროგნოზის ცვლილება აპრილის თვეში საქართველოს ეკონომიკის 44.8%-იან ზრდას უკავშირდება, თუმცა ეს იმის ფონზე, როდესაც ამავე პერიოდის გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით 3 პროგნოზი წარმოადგინა: ნეგატიურ სცენარში ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, საბაზისო სცენარში - 6.9%-ით, ხოლო ოპტიმისტურ სცენარში - 10.2%-ით.

ჯერჯერობით ზრდის პროგნოზი არ შეუცვლია საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), რომლის პროგნოზითაც, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

აზიის განვითარების ბანკის(ADB) პროგნოზით, პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ხარჯზე, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი, მაშინ როდესაც 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო.  

მსოფლიო ბანკმა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს თურქეთში ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, უკრაინაში - 3.8%-ით, სომხეთში 3.4%-ით, რუსეთში - 3.2%-ით, აზერბაიჯანში კი - 2.8%-ით.

კომენტარები