გიორგი გახარია

გახარია მელიაზე: ჩემს პოზიციას ეთანხმებოდნენ, მაგრამ უხილავმა ხელმა იმოქმედა

ტაბულა

ყოფილი პრემიერმინისტრი და საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროს, მისი პოზიცია იყო, რომ "არავის თავიდან თმა არ უნდა ჩამოვარდნოდა". 

გახარიას თქმით, მას თანაგუნდელების ნაწილი ეთანხმებოდა, თუმცა დაინახა, რომ "მათზე რაღაც უხილავი ხელი მოქმედებდა" და პოზიციები შეცვალეს. 

"ჩემი პოზიცია მელიას დაკავებასთან მიმართებით იყო შემდეგი: თუ ჩვენ გვინდა, რომ სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთვლით სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მაშინ მელია უნდა იყოს დაკავებული ისე, რომ არავის თავიდან თმა არ უნდა ჩამოვარდეს. 

ეს იყო პროცესი, მე აქ არ დავასახელებ არცერთ სახელს მაგიდის გარშემო ვინც იჯდა, იქ იყვნენ გუნდის წევრები, რომლებიც აბსოლუტურად ეთანხმებოდნენ ჩემს პოზიციას, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, რომ ამის განხილვა საერთოდ სერიოზულად როგორ შეიძლებაო, ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად 3 000 სპეცრაზმელით შეჭრა. ეს ხდება 16-ში, 16 თებერვალს პროცესია, ჩვენ ვმსჯელობთ, 17 თებერვალს, როცა მე უკვე ვხედავ, რომ რაღაც ზეგავლენები ხდება ამ ადამიანებზე და რაღაც უხილავი ხელები რაღაცნაირად მოქმედებენ, სწორედ ამიტომ მოვითხოვე მე 5 საათიანი შეხვედრის მოწვევა, სადაც იძულებული ვიყავი უკვე რადგან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია დამხვდა, დამეფიქსირებინა ის პოზიცია, რაც დავაფიქსირე". - ამბობს გახარია. 

ჟურნალისტის კითხვაზე გულისხმობს თუ არა "უხილავ ხელში" ბიძინა ივანიშვილს, გახარია არ პასუხობს. 


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დაასახელა. კერძოდ, ყოფილმა პრემიერმა მაშინ თქვა, რომ მასა და ქართული ოცნების გუნდს შორის არსებობდა სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უნდა დაეკავებინათ თუ არა ნიკა მელია.

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები