კანადა-რუსეთი

რუსეთი 9 კანადელ მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთი 9 კანადელ მაღალჩინოსანს, მათ შორის კანადის იუსტიციის მინისტრს, სანქციებს უწესებს. რუსეთის სანქციები პასუხია მარტში კანადის მიერ ნავალნის გამო რუსი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციებისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, კანადელ მაღალჩინოსნებს განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.

რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:

  • კანადის იუსტიციის მინისტრი დავიდ ლამეტი
  • პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელი ენ კელი
  • კანადის სადაზვერვო ძალების მეთაური სკოტ ბიშოპი
  • თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯოდი ტომასი
  • კანადის ცხენოსანთა სამეფო პოლიციის მეთაური ბრენდა ლუკი
  • კანადის ცხენოსანთა სამეფო პოლიციის მეთაურის მოადგილე ბარიან ბრენანი
  • კანადის არმიის უფროსი ოფიცერი მაიკ რულოს
  • სამთავრობათაშორისო საქმეთა მინისტრი დომინიკ ლებლანკი
  • პრემიერმინისტრის ოფისის წევრი მარსი სურკი

მოსკოვის თანახმად, სანქციები რუსი მაღალჩინოსნებისთვის კანადის მიერ დაწესებულ სანქციებზე "საპასუხო მოქმედებაა".

2021 წლის მარტში 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანია, წნეხის ქვეშ მოაქციოს რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას და შემდეგომ სასამართლო დევნასთან და ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე მოქალაქეების დაკავებასთან არიან დაკავშირებულები. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მიღებული ზომები შეესაბამება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

ევროკავშირმა კი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის უფროსს, ალექსანდერ ბასტრიკინს, გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს, ეროვნული გვარდიის უფროსს, ვიქტორ ზოლოტოვს და ფედერალური ციხის უფროსს, ალექსანდერ კალაშნიკოვს აქტივები გაუყინა. მათ ასევე სამოგზაურო აკრძალვების დაუწესდათ.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებზე პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა.

კომენტარები