ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Александр Земляниченко / AP

31 იანვარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერი აქციები გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია Ovd-Info-ს ინფორმაციით, მთლიანობაში პოლიციამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ორგანიზაციის თანახმად, მსგავსი მასშტაბის დაკავებები მას არასოდეს აღურიცხავს. Ovd-Info 2011 წელს დაფუძნდა.

ყველაზე მეტი, 1 599 ადამიანი, მოსკოვში დააკავეს. ათასზე მეტი  – სანქტ-პეტერბურგში, ასობით ადამიანი კი – კრასნოიარსშკი, ნიჟნი ნოვგოროდში, ტვერში, ვოროჟენსა და ვლადივასტოკში.

პოლიციამ დემონსტრაციებისთვის მზადება წინა დღით დაიწყო. გადაიკეტა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ცენტრები. შეზღუდული იყო ქვეითების გადაადგილება, დაიხურა მეტროს სადგურები, რესტორნები და მაღაზიები. აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეკრება ლიუბლიანსკაიას მოედანზე, FSB-ს შენობასთან, სადაც თავდაპირველად აქცია იყო დაგეგმილი. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ნავალნის მხარდამჭერებს გზადაგზა უწევდათ შეკრების ახალი ადგილების მოფიქრება. 

მოსკოვში დემონსტრანტებმა მოაწყვეს მსვლელობა დაკავების იზოლატორამდე, მატროვსკაია ტიშინამდე, სადაც იმყოფება ალექსეი ნავალნი. პოლიცია მსვლელობაში მონაწილეებს სხვადასხვა ადგილას აქტიურად აკავებდა და დემონსტრანტებს დაკავების იზოლატორთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. მოსკოვში კიდევ ერთხელ დააკავეს ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია. რუსული მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ელექტროშოკი.

მსვლელობა მოეწყო სანქტ-პეტერბურგშიც. რუსული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ელექტროშოკი და ცრემლსადენი გაზი. მედია Фонтанка-ს ინფორმაციით,  ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტებმა სცადეს, პოლიციისგან დაკავებულები გამოეხსნათ. სანქტ-პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისი ცრემლსადენი გაზის გამოყენებას უარყოფს.  

აქციებზე კვლავ აკავებდნენ ჟურნალისტებს. სხვადასხვა მონაცემებით, დემონსტრაციებზე 35-იდან 80-მდე ჟურნალისტია დაჭერილი.


ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები თავდაპირველად 23 იანვარს გაიმართა. 31 იანვარს დაგეგმილი მორიგი აქციების გამართვამდე ნავალნის რამდენიმე თანამოაზრეს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი, ოპოზიციონერი და ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტოს ადვოკატი, ლიუბოვ სობოლი და ნავალნის მოსკოვის ოფისის კოორდინატორი, ოლეგ სტეპანოვი 23 მარტამდე შინაპატიმრობაში იქნებიან.

28 იანვარს  რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნავალნი 15 თებერვლამდე დაპატიმრებული უნდა იყოს. ამავე დღეს ნავალნიმ საგამოძიებო იზოლატორიდან მიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს 31 იანვარს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვალს დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, იმისათვის, რომ   "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარული ქონების შესახებ.

კომენტარები