კანადა-რუსეთი

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

Shutterstock

კანადამ გააფართოვა რუსეთთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. შეზღუდვები, რომელთა დაწესება ემთხვევა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მეორე წლისთავს, შეეხო 153 ბიზნესსა და 10 მოქალაქეს.

კანადის მიერ შემოღებული სანქციები ეხება სადაზღვევო კომპანიებს AlfaStrakhovanie და RESO-Garantia-ს, სანკტ-პეტერბურგის ბანკს, Ilyushin-ის საავიაციო კომპლექსს, Almaz-Antey-ს კონცერნს, Patriot-ის სამხედრო-პატრიოტულ პარკს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგ სტრუქტურებს.

სანქციების ქვეშ მყოფ პირებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იგორ ლევიტინი, RESO-Garantiya-ს მფლობელები, სერგეი და ნიკოლაი სარქისოვები და Voentorg-ის ხელმძღვანელი ვლადიმირ პავლოვი.

23 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ახალი სანქციები 500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა

სანქციები, დიდწილად, მიმართულია Мир-ის საგადასახადო სისტემის, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების, ენერგიის წარმოების შესაძლებლობების და სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის შესუსტებისკენ, ასევე რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ. 

გარდა კანადისა და აშშ-სა, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრიდან 2 წლისთავისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების პაკეტი ეხება 50-ზე მეტ პირსა და კომპანიას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ომის წარმოებაში. 

კომენტარები