ეევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილის ამოცანაა, გახარიას გუნდით საპროტესტო ამომრჩევლის ხმები გაყოს

დიმა ჩიკვაიძე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, განცხადებით, რომელიც 7 ივნისს ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა, ორი რამ დადასტურდა, რაც ისედაც ცნობილი იყო – ერთი, ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა და მეორე, გიორგი გახარიას გამოყენებით ის საპროტესტო ელექტორატის ხმების წაღებას ცდილობს. 

7 ივნისს გავრცელებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი გუნდის ყველაზე რეიტინგული პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, რომელმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ თავისი პარტია დააფუძნა და კენჭისყრას აპირებს, მისი პროექტი არ არის

"ივანიშვილმა დაადასტურა ის, რომ მას სურს, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები, იმიტომ, რომ პოტენციურად, მომავალში ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს ქართული ოცნების პოლიტიკურ შანსებს. ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით და უბრალოდ დაგვიდასტურდა დღეს. 

ჩემი აზრით, საზოგადოებისა და საპროტესტო ამომრჩევლის დასკვნა უნდა იყოს იგივე, რომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები, უნდა მოვემზადოთ ვადამდელი და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთთან კონსოლიდაციით, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე შეთანხმებითა და ამომრჩეველთან ჩვენი გზავნილის მიტანით. ევროპული საქართველო სწორედ ამას ვაკეთებთ. 

ბიძინა ივანიშვილს ამოცანა აქვს, რომ ამ თამაშით ხმები წაართვას საპროტესტო ელექტორატს და გაყოს ის. მე იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანას ვერ მიაღწევს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 


პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გიორგი გახარიამ მაისში თავისი პარტია, სახელწოდებით საქართველოსთვის დააფუძნა, რომელიც ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებსა და პარლამენტში მმართველი გუნდის კვოტით გასულ დეპუტატებს აერთიანებს. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელისა და პრემიერის გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. ამ ფოზნე 7 ივნისს ოცნების დამფუძნებელმა და ოფიციალურად პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ გახარიასთან კავშირი არ აქვს. 

კომენტარები