ვაქცინაცია

ლატვია საქართველოს 15 000 დოზა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს

ლატვია საქართველოს 15 000 დოზა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს". – ამბობს ედგარს რინკევიჩი.

7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა 29 აპრილს ჩამოვიდა.

კომენტარები