ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

ლომჯარია: 6 აღსაზრდელს შევხვდი, გაიხსენეს ფიზიკური დასჯის, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს, რომ დღეს, 6 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა, რომლებიც ალტერნატიულ ზრუნვაში საკუთარი ნებით გადავიდნენ. ლომჯარია წერს, რომ აღსაზრდელებმა გაიხსენეს ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. 

"არასრულწლოვანებმა ჩემთან დეტალურად ისაუბრეს ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვანობის პერიოდში ჰქონდა ადგილი". - წერს ლომჯარია.

სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით. 

"ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებმა ყველა არასრულწლოვანმა, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დატოვონ ეს ადგილი და სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.

ჩვენ ვაგრძელებთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების მდგომარეობის და საჭიროებების მონიტორინგს, ასევე, შევისწავლით ყველა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას, ვინც ჯერ კიდევ ამ პანსიონში იმყოფება". - წერს ომბუდსმენი. 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან  20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს. 

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ, კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 11 ბავშვი გაიყვანა, მათ შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. სამინისტროში აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს 5 ივნისის დროებითი განჩინების აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის ნაწილშია დაწყებული.


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

კომენტარები