პუტინისტური ჯგუფები ომბუდსმენის ოფისთან აქციას გეგმავენ

პუტინისტური ჯგუფები 7 ივნისს სახალხო დამცველის ოფისთან აქციას გეგმავენ. ინფორმაცია პრორუსული იდეების წამახალისებელი მედია Alt ინფოს საშუალებით გავრცელდა. 

ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ ძალადობრივი ჯგუფები აქციაზე 5 ივლისს Tbilisi Pride-ის მიერ დაანონსებულ ღირსების მარშსა და ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საკითხში საზოგადოებისა და უფლებადამცველთა ჩართვას გააპროტესტებენ.

Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის თქმით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება.

სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები