ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

IRCT: მთავრობამ სრულად უნდა გამოიძიოს ნინოწმინდის თავშესაფრის ძალადობის ფაქტები

ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფრის მოვლენებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT) გამოეხმაურა

"IRCT შოკირებულია საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის თავშესაფარში ბავშვთა წამებისა და ცუდად მოპყრობის შემთხვევების გადმოცემებით". – წერია ორგანიზაციის სიახლეებში. 

"ეს არის წამება და ცუდად მოპყრობა, რამე სხვა არ გეგონოთ. ბავშვთა ზრუნვაზე პასუხისმგებელმა ნებისმიერმა ინსტიტუციამ უნდა შეინარჩუნოს და დაიცვას მათი (ბავშვების) ადამიანთა უფლებები. პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მათი უფლებები დაიცვას რეგულარული მონიტორინგითა და ძალადობის დასჯით".– თქვა ასგერ კიაერუმმა, ორგანიზაციის ერთ-ერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა.

ამჟამად თავშესაფრის წინააღმდეგ აღძრულია არასრულწლოვანთა გაუპატიურებასთან და ძალადობასთან დაკავშირებული ოთხი საქმე. მართლმადიდებლური ეკლესია მთავრობის სააგენტოებს, რომლებსაც თავშესაფრის შემოწმება ევალებოდათ, დაწესებულებაში შესვლაში აქტიურად უშლიდა ხელს.

"ეს ბავშვები და [თავშესაფრის] ყოფილი მცხოვრებლები მრავალი წელი იტანჯებოდნენ. დროა, მათ ვარგუნოთ სამართალი და მკურნალობისთვის საჭირო რეაბილიტაციის პროცესი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა იციან, რომ ქვეყანაში ეს ცალკეული შემთხვევა არ არის. არსებობს დაუყოვნებელი საჭიროება, რომ მთავრობამ მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა კერძო პირების მართულ ყველა ბავშვთა თავშესაფარში სრული გამოძიება ჩაატაროს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მეტი ბავშვი აღარ დაიტანჯება". – თქვა ლელა ცისკარიშვილმა, საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

"IRCT საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ სრულად, სტამბოლის პროტოკოლში მოცემული წამების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოიძიონ ძალადობის ფაქტები. ყველა, ვინც დამნაშავე აღმოჩნდება, უნდა დაისაჯოს და სახელმწიფომ სრულად უნდა უზრუნველყოს დაწესებულებაში პირდაპირ თუ ირიბად დაზარალებული ყოველი ბავშვის ზიანის ანაზღაურება და რეაბილიტაცია". – ამბობენ IRCT-ში.


2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: 7 წლის ბავშვს აღმზრდელმა იმ დონემდე სცემა, ხელში შემოაკვდა

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: გვცემდნენ საწოლის რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

მეუფე სპირიდონი ლომჯარიას: კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო?!

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები