ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

ანდრია ჯაღმაიძე აღსაზრდელების მონათხრობზე: ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ რეალობა არაა

საქართველოს საპატრიარქო

"ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ რეალობას არ შეესაბამება". - ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების მიერ მონათხრობ ძალადობის ისტორიებზე.

"[ბენეფიციარების განცხადებები] საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ყველაფერს აქვს ახსნა და ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.   

აქ თითქოს იყო მძიმე დანაშაულებზე საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო". - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: 7 წლის ბავშვს აღმზრდელმა იმ დონემდე სცემა, ხელში შემოაკვდა

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: გვცემდნენ საწოლის რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

მეუფე სპირიდონი ლომჯარიას: კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო?!

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები