ინფლაცია

თურნავა: საწვავის ფასი კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ ასახულა ქუჩაში მოძრაობაზე, დიდია ტრაფიკი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საწვავის ფასებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასის ზრდაზე, ძირითადად, ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა - იმპორტირებული ნავთობპროდუქტების გაზრდილმა ფასმა და ლარის კურსმა.

"ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად იმპორტული პროდუქტი. ფასი ამაზეცაა დამოკიდებული, ეს ფაქტორი არსებობს და მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ეს იმპორტული საქონელია და, რა თქმა უნდა, ლარის კურსი ამაზე აისახებოდა, თანდათან შესუსტდება. შესაბამისად, აქაც ველოდებით, რომ დასტაბილურდება", - თქვა თურნავამ.

თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასი გაიზარდა, ამას გავლენა არ ჰქონია ქუჩაში მოძრაობაზე, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაც გაიზარდა აპრილში 45%-იანი ეკონომიკური ზრდის შედეგად. თურნავას ვარაუდით, საწვავის ფასი ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად შემცირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. კი, საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა და ჩვენ მის სტაბილიზაციას სხვადასხვა ბერკეტით უნდა ვეცადოთ, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა და ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს.

გუშინ, მაგალითად, გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა ბიზნესაქტივობაზე და არის 11%-იანი ზრდა მარტო პირველ 3 თვეში ბიზნესსექტორის ბრუნვების. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ფასი გაიზარდოს, მაგრამ მსყიდველობითუნარიანობაც გაიზრდება მოსახლეობის. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ძირითადად გვაწვებოდა ფასებზე იმპორტული საქონელი იმიტომ, რომ აქ ლარის კურსს ჰქონდა თავისი კონტრიბუცია, ლარის კურსის სტაბილიზაციის კვალობაზე ეს ფაქტორი მოიხსნება და ინფლაცია აუცილებლად დასტაბილურდება", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

საწვავის ფასები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 

  • რა ახდენს გავლენას ფასების ზრდაზე, ვრცლად წაიკითხეთ – აქ

 

კომენტარები