ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

"ძალადობის ფაქტი არაა ჩვენი კომპეტენცია" – ნინოწმინდის პანსიონში რეგულირების სააგენტო შედის

ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შევიდა. როგორც სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, მათი მიზანი სალიცენზიო პირობების შემოწმებაა და, მისივე სიტყვებით, ძალადობის ფაქტები მათი კომპეტენცია არ არის. 

"ჩამოვედით, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევისწავლოთ სააღმზრდელო დაწესებულების სალიცენზიო პირობები. ბოლოს 2018 წელს შემოწმდა. ჩვენ უნდა შევისწავლოთ 66-ე დადგენილების მიხედვით სააღმზრდელო დაწესებულების სალიცენზიო პირობები, რომელშიც, მაინცდამაინც, ძალადობის ფაქტები არ არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ ვამოწმებთ წელიწადში ერთხელ, გვაქვს კანონით მინიჭებული დაწესებულების სალიცენზიო პირობების შემოწმების უფლება, მაგრამ, თუ გამოჩნდება რაიმე მითითება ან ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში, შესაძლოა, დაირღვეს სალიცენზიო პირობები, ვახდენთ ხოლმე შესაბამის რეაგირებას". - ამბობს ის.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პანსიონში სალიცენზიო პირობები ირღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება და მათ გამოსასწორებელი ვადა მიეცემათ. 

"გადამოწმდება, შემდეგ კიდევ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, რომ მოხდეს ლიცენზიის გაუქმება". - ამბობს ის. 

მისივე თქმით, 2018 წელს ჩატარებული შემოწმების დროს პანსიონში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა - ერთ ოთახში იყო 9 ბენეფიციარზე მეტი, საკვების მენიუში არ იყო 3-კომპონენტიანი სადილი და ბავშვები 12 თვეში ერთხელ 12 დღით აგარაკზე არ გაჰყავდათ.  

2 ივნისს  ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები