მე-10 მოწვევის პარლამენტი

თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა

facebook.com/tamuna.kordzaia

​თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა. კორძაია წერს, რომ, მისი აზრით, პარტიის ორ წევრს, მას და ხათუნა სამნიძეს, რომელიც ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების გუნდს შევიდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა უფრაქციოდ უნდა გაეგრძელებინა. 

"გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6-წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.

ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი". – წერს კორძაია. 

31 მაისს თამარ კორძაიამ ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა. 

31 მაისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელთან ერთადაც საარჩევნო ბლოკში რესპუბლიკური პარტიაც იმყოფებოდა, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. 

დოკუმენტზე ხელი რესპუბლიკური პარტიიდან უკვე მოაწერა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

კომენტარები