ნინოწმინდა

ღუდუშაური ნინოწმინდაზე: თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს, აქამდე რას ელოდებოდა?


"თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს, მთელი ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა?" – ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ღუდუშაურის თქმით, სახელმწიფო ვერ იქნება ერთგვარი სუბიექტური მიდგომების ავანგარდში.

"მძიმე სავარაუდო დანაშაულებზე არის საუბარი, როგორიც არის გაუპატიურება და ა.შ. თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს, მთელი ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა? ამაზე განგაში იყო ასატეხი არა ეხლა, არამედ, რა თქმა უნდა, თავის დროზე. მაგრამ, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დღეს აქტიური ქმედება არ განვახორციელოთ". – თქვა ღუდუშაურმა

გუშინ, 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები