გახარიას გუნდი

ბოკერია: გახარიას ყველაზე ლიდერული საქციელი ხელების დაბანა და გადადგომა იყო

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პოლიტიკურ პროცესებში მთავარი ფაქტორი არა გახარია და მისი პარტია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის მიერ ვითარების გონივრული შეფასება და კოორდინაციაა.

"აღმოჩნდა, რომ გახარიას კრიტიკულ სიტუაციებში ლიდერის თვისებები არ აქვს და ყველაზე ლიდერული საქციელი იყო ხელების დაბანა და გადადგომა, როცა თვითონ მთავარი პირი იყო - ეგ ხალხი არ იქნება ფაქტორი. ფაქტორი იქნება დემოკრატიულ ოპოზიციაში, ყველა ფუნდამენტური განსხვავებების და სიმპათიის, ზოგ შემთხვევაში, ნაკლებობის მიუხედავად, გონივრული შეფასება ვითარების და კოორდინაცია, ერთიანობაში იგულისხმება, იმის დემონსტრაცია, რომ ამ ძალებს შეუძლია მომავალ კოალიციურ მთავრობაში მართვა".- ამბობს გიგა ბოკერია

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი პარტია დააფუძნა და სახელად "საქართველოსთვის" დაარქვა. დამფუძნებელი კონფერენცია ხვალ, 29 მაისს გაიმართება.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

გიორგი გახარიას შეუერთდა ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე. 

კომენტარები