გიორგი გახარიას გუნდი

ბოკერია: ყველაფერი, რის გამოც ქვეყანა კრიზისშია, გახარიას სახელს უკავშირდება

პირადად მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, ვფიქრობ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი,  ბატონ გახარიას უყურებს, როგორც ივანიშვილის მმართველობის პროდუქტს. ყველაფერი ის, რის გამოც კრიზისში არის ქვეყანა მთელი ამ წლებისა და, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გახარიას სახელს უკავშირდება. ეკონომიკური ამბები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, ტარიფების ზრდა გამოწვეული ლარის კურსის ვარდნით და გაზრდილი გადასახადებით, არის ის პოლიტიკა, რომელსაც გახარია ატარებდა, როდესაც პრემიერი იყო. მორალურ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაწყებული "გავრილოვის ღამით", 20 ივნისს ქვეყანაში ამ ადამიანების შემოშვებით, ეს არის ფიგურა, რომელმაც უტიფრად თქვა, რომ მეორეჯერაც შემოუშვებდა გავრილოვს ქვეყანაში. ყველა კრიტიკულ ვითარებაში იყო ამ ადამიანის გადაწყვეტილებები - იქნებოდა ეს პანკისში კატასტროფული ოპერაცია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ფეხებზე დაკიდება. ეს არის ადამიანი, რომელშიც უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, როგორც კოვიდკრიზისის სუპერმენეჯერზე, როცა სწორედ ამ კრიზისის დროს გადადგმული ნაბიჯების შედეგებს იმკის დღეს ქვეყანა. 

[...] ამის იქით სპეკულაციების გაკეთება იმაზე, რომ კონტაქტი აქვს თუ არა ივანიშვილთან, დიახ, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს, შეიძლება, იყოს ივანიშვილისთვის, ტრადიციული ავტორიტარული მმართველისთვის, თამაში, რომ დაყოს მისი "ფიშკები" არჩევნებზე. მე ზუსტად არ ვიცი, ამის ეჭვი გვაქვს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ადამიანი ყველა ვარიანტში არის ივანიშვილის "თანავარსკვლავედის" ნაწილი და, ჩემი აზრით, ასე უნდა აღვიქვამდეთ

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გიორგი გახარიაზე. გახარიას პარტიის, საქართველოსთვის პრეზენტაცია ხვალ, 29 მაისს, 17:00 საათზე ჩატარდება.

კომენტარები