გიორგი გახარიას გუნდი

გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ

გორის მერის მოადგილეებმა - ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. 

როგორც ელიჯარაშვილი ამბობს,  თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მათზე ზეწოლას ახდენდნენ. 

"გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არ გამოვეკიდებით მას. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. ჩვენ გორელებს და გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ". – ამბობს ერასტი ელიჯარაშვილი. 

როგორც თავად გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, მისი ყოფილი მოადგილეები მისივე ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. 

მერის განმარტებით, "ბოლო პერიოდში ეს ადამიანები გარკვეული პირის რეკლამირებას ეწეოდნენ საქმის გაკეთების ნაცვლად, ცდილობდნენ თანამშრომლების გადაბირებას და მაშინ, როდესაც ამდენი პრობლემა არსებობს, მიუღებელია მათი მაღალ თანამდებობაზე ყოფნა". 

გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება 14 აპრილს დატოვა. 

პარტია დატოვეს დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ. როგორც დეპუტატებმა განმარტეს, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს. 

კომენტარები