მე-10 მოწვევის პარლამენტი

პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

ტაბულა

პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 92-მა დეპუტატმა, მათ შორის იყვნენ ქართული ოცნების, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის მოქალაქეების და ევროპელი სოციალისტების წევრები. 

კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება მას შემდეგ იგეგმება, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი. 

კოდექსში შემდეგი ცვლილებების განხორციელება განიხილება:  

  • 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თვითმმართველ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.
  • საარჩევნო ადმინისტრაცია შერეული სახის იქნება სამივე დონეზე, 8 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის 2/3-ით ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება.
  • კანონპროექტი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს.
  • ცვლილებები ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.
  • კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე.
  • დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია ასევე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
  • იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები. შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი.
  • გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%-ის ხელახლა გადათვლას ნიშნავს.
  • კანონპროექტში წარმოდგენილია არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობები. 

ამბიციური საარჩევნო რეფორმა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, პარლამენტმა ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა მიიღოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები