საქართველოს მთავრობა

მთავრობა: პრემიერი ესპანეთში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს აბდელატიფ გედირას შეხვდა. 

"შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში ზეთისხილის გაშენებისა და ზეითუნის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებს და სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეითუნის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეითუნის ზეთი" - აცხადებს მთავრობა და აღნიშნავს, რომ საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე  2021 წლის განმავლობაშიც იქნება.

საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს.

კომენტარები