დაპირისპირება დმანისში

სუბარი დმანისზე: წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა იყო არასწორი, იყო გაუგებრობა. წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი". – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირებზე.

მისივე თქმით, შეხვედრები გრძელდება და ამ დროისთვის დმანისში სიტუაცია დამშვიდებულია და "კიდევ უფრო დამშვიდდება". სოზარ სუბარის ცნობით, კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი დაკითხულია.

"გუშინ კონფლიქტი იყო ყოფით ნიადაგზე, რომელსაც მოჰყვა ძალიან ცუდი ესკალაცია. ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ვხვდებით ყველა მხარეს, ამ წუთებში სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება. წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა ადამიანი არის დაკითხული, გამოკითხული, მთელი ინფორმაცია მოგროვდა, იგივეა დღევანდელთან დაკავშირებით, ხდება ინფორმაციის მოპოვება და ყველას გამოკითხვა მოხდება, იქნება ყველა ზომა მიღებული. დაპირისპირებული მხარე არ არსებობს, ყველა ერთნი ვართ, ადამიანებთან მიდის მუშაობა. საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული. შეხვედრებს ვაგრძელებთ". – ამბობს სუბარი.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

კომენტარები